დღეს ახალციხის ცენტრალური ავტოსადგურის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ახალი სადგურის შ.პ.ს „პროფესიონალი“–ს მუშაობა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ იგი არანაირ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
ხმაური იყო დღეს ახალციხის ცენტრალურ ავტოსადგურზე. დაწესებულების თანამშრომლებმა რამდენიმე საათით მუშაობა შეწყვიტეს და ახალი სადგურის შ.პ.ს „პროფესიონალის ფუნქციონირება გააპროტესტეს. მათი თქმით“პროფესიონალი“ ფასებს დაბლა ხელოვნურად წევს, რათა კლიენტები ამ გზით მიიზიდოს. ცენტრალური ავტოსადგურის დირექტორი კი ამბობს, რომ ახალი სადგურის მძღოლები არაპროფესიონალები არიან, შესაბამის სამედიცინო შემოწმებას არ გადიან, ამით კი მგავზრების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ.
ახალციხის ცენტრალურ სადგურზე შ.პ.ს „ჯეოტივის“ ტრანსპორტი შედის. კომპანიის დირექტორის თქმით, კონკურენცია არაჯანსაღია, ამასათანავე, „პროფესიონალს“ მრავალი დარღვევა აქვს. მიუხედავად ამისა, ახალი სადგური ფუნქციონირებას მაინც აგრძელებს. ამიტომ ნუგზარ მამუკაშვილი ვარაუდობს, რომ მათ ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვიღაც მფარველობს.
ახალციხის ცენტრალურ სადგურზე გამართულ აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წრამომადგენლებიც მივიდნენ. მერის მოადგილე სიტუაციას ადგილზე გაეცნო და და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას უფლება არ აქვს ახალი სადგურის ფუნქციონირება აკრძალოს. ზაზა გელაძის თქმით, მერიაში არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დაწესებულებას მუშაობის უფლება აქვს. რაც შეეხება ბრალდებას, მარალჩინოსნის მიერ შ.პ.ს „პროფესიონალის“ მფარველობის შესახებ, ამას ზაზა გელაძე კატეგორიულად უარყოფს.
ცენტრალური სადგურის თანამშრომელთა ბრალდებები მიუღებელია შპ.ს პროფესიონალის თანამშრომელთათვის. კომპანიის დირექტორის მოადგილის თქმით, ახალი სადგური ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომელიც მესამე კატეგორიის ავტოსადგურს უნდა ჰქონდეს. აშოტ ფადარაშვილის არც იმას მალავს, რომ შ.პ.ს „პროფესიონალი“ ავტოსაგზაო დეპარტამენტმა პრობლემების გამო დააჯარიმა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. მისივე თქმით, არსებობს დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც ახალი სადგური კანონის სრული დაცვით მუშაობს.
აქცია ახალციხის ცენტრალურ სადგურზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემდეგ კი მძღოლებმა და დაწესებულების თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. ახალციხის მერის მოადგილე აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ 6 ივლისს მათ საშუალება ექნებათ ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და პრობლემის მოგვარების გზებიც დაისახონ.