ახალციხეში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროეტების განხორციელება იწყება. ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 4 მილიონ ლარს შეადგენს. მერიის მიერ გადაგზავნილი პროეტებიდან ერთ–ერთის, ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერი დღეს დასრულდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუექტურის სამინისტროში ახალციხის მერიის მიერ გადაგზავნილ 4 პროექტს კიდევ ერთი დაემატა. ქუთაისის ქუჩაზე გზის მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების მოწყობისთვის ტენდერი 147 000 ლარზე, 26 ივნისს გამოცხადდა. სამშენებლო კომპანიებისთვის განაცხადის შეტანის ვადა დღეს ამოიწურა. ქუთაისის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, რომ აბის დასახლებაში მსგავსი პრობლემა კიდევ 2 ქუჩაზეა მოსაგვარებელი.
ქუთაისის, გორისა და ერევნის ქუჩები, ე.წ აბის დასახლებაში მდებარეობს. აქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ახალციხის მერიას გზის მოასფალტება გორის ქუჩიდან უნდა დაეწყო, რადგან იგი დასახლების მთავრი გზაა და მას უფრო მეტი ადამიანი იყენებს. ადგილობრივების თქმით, ამ მოთხოვნით თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. გზის სავალი ნაწილის გარდა, გორის ქუჩის მაცხოვრებლები კანალიზაციისა და სანიაღვრე არხების პრობლემზეც ჩივიან.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განარტავენ, რომ ე.წ აბის დასახლებაში 3 ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის სამინისტრომ 680 ათასი ლარი გამოყო. პროექტი 2 ეტაპად შესრულდება და ქუთაისის ქუჩის შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები გორისა და ერევნის ქუჩებზე დაიწყება. აბის დასახლების გარდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუექტურის სამინისტრომ ქალაქში კიდევ 4 პროექტი დააფინანსა. ივანე ახალციხელის, გურამიშვილი–ხმალაძე–ათონელის, თაყაიშვილი–მებაღიშვილი–ანდრია პირველწოდებულის, გოგებაშვილისა და ყაზბეგის ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობა და მოასფალტებაა დაგეგმილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 4 პროექტი დააფინანსა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ 3 მათგანზე სამუშოები უკვე დაწყებულია, ხოლო ერთზე ტენდერია გამოცხადებული. ზიკილიამდე მისასვლელი გზის მოსაწყობად დაახლოებით 150 000 ლარი დაიხარჯება, სოფელ ჭვინთის გზის რეაბილიტაცია სახელმწიფოს 590 000 ლარამდე დაუჯდება, 290 000 ლარია საჭირო სვირის მიმართულებით ასფალტის დაგებისთვის, 560 000 ლარამდეა გამოყოფილი სოფელ ანის გზის საფარის მოსაწესრიგებლად. გარდა ამისა, გამგეობამ რამდენიმე პროექტი სასმელი წყლის სისტემებზეც მოამზადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ქალაქ ახალციხეში განსახორციელებელი პროექტებისთვის მილიონ 600 ათასი ლარი გამოყო, რაც შეეხება მუნიცპალიტეტს, სოფლებში მოსაგვარებელი პრობლემებისათვის 2 მილიონ 350 000 ლარი დაიხარჯება.