”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა და უკმაყოფილო ბენეფიციარები

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა და უკმაყოფილო ბენეფიციარები – ივნისის თვეში მოსული უქვი ნალექის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ელოდება. მათ ნაწილს სადაზღვევო კომპანიებმა თანხის ანაზღაურებაზე უარი განუცხადეს, ნაწილი კი პროგრამით კმაყოფილია.

ამაიკ ვირაბიანი ერთ–ერთია იმ ფერმერთაგან, რომელმაც  ნათესები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააზღვია, თუმცა ზარალი არ აუნაზღაურდა. ამბობს, რომ აგროდაზღვევით მაისი თვეში ისარგებლა და კომპანია ,,უნისონში“ ერთ ჰექტარ  მიწის  ფართობზე დათესილი კარტოფილი დააზღვია. ვირაბიანის თქმით, აღნიშნული ნათესების დაახლოებით 35% , ივნისის დასაწყისში მოსული სეტყვის შედეგად განადგურდა. ამის შესახებ ფერმერმა კომპანიას მაშინვე დაურეკა, თუმცა ზარალის დასათვლელად მასთან 5 დღის შემდეგ მივიდნენ და თანხის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს.

ამაიკ ვირაბიანის მსგავსად, სოფელ ჭაჭარაქში დაზიანებული ნარგავებისათვის თანხა არ აუნაზღაურდა კიდევ 2 ფერმერს. არტურ ამბარიანი ამბობს, 1 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც კარტოფილი მოჰყავს, 500 ლარად დააზღვია. სტიქიიდან რამდენიმე წუთში მან სადაზღვევო კომპანიაში დარეკა,  ზარს რეაგირება 5 დღის შემდეგ  მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ.

სოფლის–მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში განმარტავენ, რომ მათთან, მხოლოდ  ბენეფიციართა სტატისტიკური მონაცემებია და პროექტის განხორცილებას სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ . მათივე ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ,,აგროდაზღვევის“ პროგრამით 471 ბენეფიციარი სარგებლობს. მათგან ყველაზე მეტი, 311 პირი – ახალციხის მუნიციპალიტეტში, 119 – ადიგენში, ხოლო ყველაზე ნაკლები, 1 ფერმერი ნინოწმინდაშია რეგისტრირებული. სამმართველოს უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ მსურველებს სხვადასხვა სახის მცენარეული კულტურის დაზღვევის საშუალება აქვთ.

მიმდინარე წელს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონი აგროდაზღვევის პროგრამაში მაისის თვიდან ჩაერთო. პროგრამა მცირემიწიან ფერმერებზეა გათვლილი. მის ფარგლებში, რეგიონში სულ  მილიონ 414 ათასი ლარის რისკია დაზღვეული, საიდანაც ფერმერთა გადასახადი   47 600 ლარს აღწევს, თანხის ნაწილს კი სახელმწიფო იხდის.  „უნისონის“ გარდა ახალციხეში კიდევ ორი სადაზღვევო  კომპანია მუშაობს, მათი წარმომადგენლები ფერმერებს ვი თი ბი ბანკისა და თი ბი სი ბანკის ოფისებშიც ემსახურებიან.  რატომ არ აუნაზღაურა ზარალი ფერმერებს „უნისონმა“, ამის გასარკვევად „მეცხრე არხი“ კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. თუმცა მათი მხრიდან პასუხის გაცემა, დაუსაბუთებელი მიზეზის გამო,  ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე