შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 14 პირი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს.
სამართალდამცველებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის სატყეო უბანში სატვირთო ავტომანქანიდან წიწვოვანი ჯიშის, უკანონოდ მოჭრილი, 13 ცალი სამასალე მერქანი ამოიღეს. მხილებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
სამართალდამცველებმა ადიგენის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოჭრილი 83 ცალი სამასალე მერქანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 26, ახალციხის მუნიციპალიტეტში კი 18 ცალი სამასალე მერქანი ამოიღეს, სამართალდამცველებმა სამივე მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროებიც დალუქეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებით მიმდინარეობს.