”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციამდე, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ

ხმაური იყო ივანე ახალციხელის ქუჩაზე. ადგილობრივებმა საპროტესტო აქციით წყლისა და კანალიზაციის მოუწესრიგებელი სისტემა გააპროტესტეს. მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმარველობისგან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს.

ივანე ახალციხელის ქუჩის 50–მდე მაცხოვრებელმა პროტესტი საკანალიზაციო სისტემის არარსებობის გამო გამოთქვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეორე დღეა დასახლებაში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ისე დაიწყო, რომ საკანალიზაციო სისტემა არ მოწესრიგებულა. სისტემის არარსებობის გამო, ფეკალური მასა გზაზე გადადის. გარდა ამისა, ოჯახში სხვადასხვა საჭიროებისათვის გამოყენებულ წყალს, არხის უქონლობის გამო, ადგილობრივები ქუჩაში ღვრიან. მოსახლეობის თქმით, თუკი საკანალიზაციო სისტემა არ მოწესრიგდება, გზის მოასფალტებისათვის გამოყოფილი თანხა მიზანმიმართულად არ დაიხარჯება, რადგან არხების გასაყვანად ასფალტის აყრა გახდება საჭირო.

საკანალიზაციო სისტემის გარდა, ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლები სხვა საკითხებზეც ჩივიან. მათი თქმით, დასახლებაში ერთ–ერთი პრობლემა წყლია, კანალიზაციის სისტემის არარსებობის გამო სასმელი წყლის დაზიანებულ მილებში ფეკალური მასა ჩაედინება. მოსაგვარებელია გარე განათების და ნაგვის ბუნკერების პრობლემა. ადგილობრივები ჩივიან, რომ ქუჩაზე ნაჩენებისთვის ურნები არ დგას, დასუფთავების მანქანა კი  კვირაში ერთხელ მიდის.

მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“. ჯიმშერ გოგოლაურის თქმით,  საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მერის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ–ერთი დაპირება იყო, თუმცა იგი ვერ სრულდება. ადგილობრივი თვითმმართველობის უყურადღებობაზე საუბრობს მოსახლეობაც.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ივანე ახალციხიელის ქუჩის მაცხოვრებლებმა ქალაქ ახალციხის მერს მიმართეს. გიორგი კოპაძის თქმით, კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება მერიის კომპეტენციაში არ შედის და პრობლემის მოგვარებისათვის  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უნდა იზრუნოს.  რაც შეეხება ფეკალური მასის გზაზე გადმოშვებას, კოპაძის თქმით, ეს კანონდარღვევააა და თავად მაცხოვრებლებმა უნდა მოაწესრიგონ. მერი ირწმუნება, რომ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება გზის საფარის მნიშვნელოვან დაზიანებას არ გამოიწვევს.

პრობლემის შესახებ ,,მე–9 არხი“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა. როგორც საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  ნინო რამიშვილმა განაცხადა, ივანე ახალციხელის ქუჩზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისათვის ტენდერი წარმატებით დასრულდა.

ივანე ახალციხელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაახლოებით, 800 000 ლარით ფინანსდება.  როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, დასახლებაში იგეგმება განათების ენერგოდამზოგავი სისტემის დამონტაჟდებაც. მერი ირწმუნება, რომ ივანე ახალციხელის ქუჩის მოსალხეობას ნარჩენების გატანის პრობლემა აღარ ექნება. კოპაძემ ქალაქისთვის ნარჩენების კონტეინერების შესყიდვას  ხელი დღეს  მოაწერა. მათი ნაწილი ივანე ახალციხელის ქუჩაზეც განთავსდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე