ბაკურიანის ტყეში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სატყეო–სამმართველოში განმარტავენ, რომ დაბის 25–ე კვარტალზე, მავნებლების მიერ დაზიანებული ხეებია დაბეჭდილი, დაახლოებით, 258 კუბური მეტრის ოდენობით. ამ დროისათვის ხეების სანიტარული ჭრა და ტყიდან გამოტანა ხდება.
უფროსი მეტყევის თქმით, აღნიშნულ უბანზე მოჭრას, ჩვეულებრივი ფიჭვისა და აღმოსავლური ნაძვის ხეები ექვემდებარება. ლევან თედიაშვილი აღნიშნავს, რომ ბაკურიანის გარდა სანიტარული ჭრები მიმდინარეობს, ბორჯომში ე.წ პლატოს ტერიტორიაზეც.
სატყეო–სამმართველოში განმარტავენ, რომ სანიტარული ჭრები ტყეებში ეტაპობრივად ხორციელდება და მისი მიზანი ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.