ახალციხის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შესაქმნელად, კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ახალციხის გერბისათვის კონკურსანტებმა ნამუშევრების შექმნა უკვე დაიწყეს. სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძე იმ პირთა შორისაა, რომელიც კონკურსში მონაწილეობას მიიღებს. ოთხი წლის წინ მან ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის სიმოლიკა შექმნა, ამიტომ ძალების მოსინჯვას ამ ეტაპზეც აპირებს.
ქალაქის სიმბოლიკების შექმნისათვის კონკურსი 17 ივნისს გამოცხადდა. მსურველებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენა 1 თვის ვადაში შეეძლებათ, რის შემდეგაც, ხუთ სამუშო დღეში, ჰერალდიკის კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს. კომისიის თავმჯდომარის, თამარ გოგლაძის თქმით, საბოლოო ნიმუშის არჩევის პროცესში საზოგადოების ის წევრებიც ჩერთვებიან, რომლებიც ქალაქის ისტორიაში ერკვევიან.
მოთხოვნების მიხედვით, გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შემდეგ პრინციპებს ითვალისწინებდეს–ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა; ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა; გეოგრაფიული მდებარეობა; ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი. ასევე– გერბზე გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ ფარზე; გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი; ხოლო დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ახალციხე“.
გერბზე გადმოცემული უნდა იყოს ქალაქის ისტორია, ეტიმოლოგია, და ის მემკვიდრეობა, რომელიც ტერიტორიას საუკუნეების განმავლობაში წილად ხვდა–ამბობს, ისტორიკოსი რეზო ანდღულაძე. მისი აზრით, სიმბოლიკაზე აუცილებლად უნდა დომინირებდეს მწვანე ფერი, რადგან იგი მესხეთისთვისაა დამახასიათებელი. ხოლო ის ხმალი, რომელიც ძველ გერბზეა მოცემული, უნდა შენარჩუნდეს.
მონაწილეებმა ნამუშევრები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში 2015 წლის 17 ივნისიდან – 17 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინონ. ნამუშევრების შეფასება, 20 ივლისიდან – 24 ივლისის ჩათვლით მოხდება. გამარჯვებული კონკურსანტი ჯილდოს სახით, 1 000 ლარს მიიღებს. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება, ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებითაა დასაშვები.