„ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. სიახლე 20–მდე კანონს შეეხება, მათ შორისაა ადრეული ქორწინება.
არასრულწლოვანი გოგონების ქორწინება უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით, ქალთა უფლებების დასაცავად კანონში მასშტაბური ცვლილებათა პაკეტია შემუშავებული, რომელზეც საჯარო დისკუსია ახლახანს დაიწყო. შეხვედრები და ცვლილებების პაკეტის განხილვა რეგიონებშიც იგეგმება. აღნიშნული კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც მუშაობს. ბოლო პერიოდის სტატისტიკური მონაცემებით დაოჯახების გამო სწავლა 66–მა მოსწავლემ შეწყვიტა.
ახალციხეში ქალთა უფლებების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოჯახის დანგრევის მიზეზად, სწორედ, ადრეულ ქორწინებას ასახელებენ. ამიტომ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იდეას მიესალმებიან და ამბობენ, რომ პრობლემის გადაწყვეტა, სკოლიდან უნდა დაიწყოს.
ადრეულ ქორწინებაზე საკუთარი მოსაზრებები აქვთ ფსიქოლოგებს. სპეციალისტების თქმით, ამ კუთხით სიღრმისეული მუშაობა, არამარტო ახალგაზრდებთან უნდა მოხდეს, არამედ მათ ოჯახის წევრებთანაც , რათა მოზარდებს კარგად ჰქონდეთ გაცნობიერებული თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დააყენოს ნაადრევმა ქორწინებამ.
სისხლის საართლის კოდექსის თანახმად, არასრულწლოვნების მოტაცება ქორწინების მიზნით, კანონით ისჯება. დანაშაული იურისტების თქმით, ორიდან ოთხ წლამდე თავისულფების აღკკვეთას ითვალისწინებს. ჯგუფური მოტაცება კი 7–10 წლამდე სასჯელს გულისხმობს.
სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი ცნებაც – ადევნება, რომელიც დასჯადი ხდება. ის უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონიული ან სხვა საშუალებებით, არასასურველ კომუნიკაციას მოიცავს. მაქსიმალურ სასჯელად ამ ქმედებისთვის, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული.