კეთილმეზობლური თანამშრომლობის ტრადიციები გრძელდება. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონს – არდაჰანს ეწვია. ვიზიტის მიზანს, სამცხე-ჯავახეთსა და არდაჰანის გუბერნიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმმოადგენდა.
არდაგანის გუბერნატორთან ახმედ დენიზთან შეხვედრაზე, სასაზღვრო რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ტურიზმისა და ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე და ამ მხრივ, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
შეხვედრები გაიმართა, ასევე, ქალაქ არდაჰანის მერთან, ფოსოფის გამგებელთან, არდაჰანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ, ასევე გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი, ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე და გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე.
დელეგაციის წევრები გაეცნენ მეზობელ რეგიონში ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მუშაობის სპეციფიკას, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტურიზმის განვითარების თვალზარისით განხორციელებულ სამუშაოებს.
ტრადიციულად საპასუხო ვიზიტით უახლოეს ხანში სამცხე-ჯავახეთს არდაგანის მხარის დელეგაცია ეწვევა. ქალაქის მერმა გია კოპაძემ მასპინძლები 30 ივნისს შალვა ახალციხელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია.
მორიგი მიწვევა მიიღო სამცხე-ჯავახეთის მხარემაც, არდაჰანში ტრადიციად ქცეულ თაფლის ფესტივალზე 8-10 აგვისტოს.
გამოითქვა სურვილი ერთობლივი სპორტული ღონისძიებების ჩატარების შესახებაც.
ვიზიტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთიდან მიწვეულ სტუმრებს არდაჰანის უნივერსიტეტშიც უმასპინძლეს და არსებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო რესურსები და პროგრამები გააცნეს. ასევე, მოინახულეს არდაჰანის გუბერნიაში მშენებარე სამთო-სათხილამურო ბაზა. დღის ბოლოს კი მხარის ღირსშესანიშნაობები – ისტორიული მუზეუმი და არდაჰანის ციხე დაათვალიერეს.
You must be logged in to post a comment.