”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე ახალციხელები მსჯელობენ

რატომ გახშირდა სტიქიური მოვლენები საქართველოში, კერძოდ კი სამცხე-ჯავახეთში და შეიძლება თუ არა სტიქიის შედეგების თავიდან აცილება?  – ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ თემაზე მსჯელობა თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ დაიწყეს.

2012 წელი – ახალციხის მუნიციპალიტეტი – ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქალაქის ქუჩები, სახლები, სარდაფები;

2013 წელი – ქალაქი ახალციხე – ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა;

2014 წელი – ადიგენის მუნიციპალიტეტი – სეტყვამ სრულად გაანადგურა ნათესები, დააზიანა ინფრასტრუქტურა; მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა;

2014 წელი – ასპინძის მუნიციპალიტეტი – მდინარე ოთისწყალი ადიდდა. დაიტბორა ცენტრალური გზა, განადგურდა მოსახლეობის ნაკვეთები, დაიხოცა შინაური ცხოველები;

2015 წელი – ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები – დაისეტყვა სოფლები, განადგურდა ნათესები, დაიხოცა შინაური ფრინველი. ღვარცოფის გამო  ჩაიკეტა ცენტრალური მაგისტრალი.

ეს ბოლო 3 წელში მომდარი სტიქიური მოვლენებია, რომლებმაც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები ბოლო პერიოდში უფრო ხშირად ხდება. გარემოს ყველაზე დიდი ზიანი ადამიანების ხელით რომ ადგება – ამაზე თითქმის ყველა ადგილობრივი თანხმდება. ისინი სამცხე-ჯავახეთში სტიქიური მოვლენების გახშირების მიზეზად მასობრივად გაჩეხილ ტყესა და დაბინძურებული გარემოს ასახელებენ.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტიქური მოვლენების გახშირების ერთ-ერთ მიზეზად, რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას ასახელებენ. მათი თქმით, სამცხე-ჯავახეთში მეწყერული ზონების მატება და ძლიერი ქარი, ტყის მასობრივი ჭრის შედეგია.

რისკების შემცირებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ერთად უნდა იმუშაონ – ამბობენ სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლები. მათი თქმით, საშიშროების წინასწარი შეფასების შემთხვევაში, სტიქიისგან გამოწვეული ზარალი ბევრად ნაკლები იქნება და შესაძლოა, მან ადამიანის სიცოცხლეც აღარ შეიწიროს.

საზოგადოება სტიქიური მოვლენების დროს უარყოფითი შედეგების ერთ-ერთ მიზეზად, არასწორი პროექტების განხორციელებას ასახელებს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში მშენებლობის წესებს საკანონმდებლო რეგულაციები განსაზღვრავს. ამიტომ ახალციხეში იშვითია, ისეთი პროექტები, რომელიც ბუნებრივი მოვლენების დროს არასასურველ შედეგს გამოიწვევს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სტიქიის პრევენციის მიზნით,  ქალაქში შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

2014 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში სარისკო ადგილები აღწერა. მონაცემების მიხედვით, რეგიონში 720-მდე მეწყერული ზონაა. სტიქიური, გლობალური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების რუკის მიხედვით კი, ყველაზე რთული მდგომარეობა ბორჯომში, ადიგენსა და ახალციხეშია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე