მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი უწყება საქართველოში–უმრავლესობა ახალი ინივიატივით გამოდის. ქვეყანაში მაღალმთიანი რეგიონების პრობლემების მოსაგვარებლად შესაძლოა ახალი სამინისტრო შეიქმნას.
ბოქლომდადებული სახლები, მიტოვებული მიწები, დაცლილი სოფელი – ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი საროში, წლების წინ 140–ზე მეტი კომლი ცხოვრობდა. დღეს კი სოფელს, 40–მდე ოჯახი შემორჩა. მათ უმრავლესობას ხანდაზმულები შეადგენენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიგრაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზები უმუშევრობა, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და არასრულფასოვანი განათლებაა.
საროს ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ ცვლილებებს განიხილავს. მათ სხვადასხვა მოსაზრება და ხედვა აქვთ, თუმცა, სოფლის ყველა მაცხოვრებელი ერთ რამეზე თანხმდება – ხელისუფლება მაღალმთიანი მოსახლეობის პრობლემებით უნდა დაინტერესდეს და გადაჭრის გზებიც მონახოს.
მაღალმთიან რეგიონებში, რომ მრავალი პრობლემა არსებობს, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც თანხმდებიან. ამიტომ, უმრავლესობის წევრები ინიციატივით გამოდიან, რათა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი ახალი უწყება – მთის სამინისტრო დაემატოს. ახალი რგოლი კი ყველა იმ ინიციატივას აღასრულებს, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიზნით არსებობს.
ახალი იდეისთვის, მხარდაჭერას ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯერჯერობით არ აპირებს. ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მაღალმთიან რეგიონებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ცალკე სამინისტროს შექმნა არაა საჭირო.
მაღალმთიან რეგიონებში არსებული პრობლემების მოგვარება, გუბერნატორებს, გამგებლებს, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროებასაც შეუძლიათ – ამბობენ ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, ახალი სამინისტროს შექმნა, ზედმეტ ხარჯებს და დამატებით ინფრასტუქტურას მოითხოვს. აღნიშნული სახსრები კი მათი მტკიცებით ამ ეტაპზე ქვეყანას არ აქვს.
მმართველ კოალიციაში ამბობენ, რომ უმრავლესობაში შეთანხმება მიღწეულია. ამ დროისთვის კი კონსულტაცია მთავრობაში მიმდინარეობს. თუმცა, როდის მოხდება ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბება ჯერჯერობით უცნობია.