სტიქიით დაზარალებული სოფლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს. მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ისინი ყველა იმ სოფელში ჩავიდნენ, რომელთაც უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი ზარალი მიაყენა.
დატბორილი სახლები, დაზიანებული გზები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები, მოშლილი ინფრასტრუქტურა – დაზარალებული მუნიციპალიტეტები სტიქიის შედეგებს ითვლიან. ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკირე დგვარი, ტაძრისი და დვირი უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად დააზარალა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დააზიანა გზები, სასმელი წყლის სისტემა და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. 6 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ინფრასტრუქტურული ზიანის გარდა, მნიშვნელოვნად ზარალი მიიღო სოფლების მოსახლეობამ, დაიტბორა სახლები, დაიხოცა შინაური ფრინველი და ცხოველი, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სტიქიიდან მეორე დღეს სამცხე–ჯავახეთის მხარეში დაზარალებული მუნიციპალიტეტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს. მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ისინი დაზარალებულ უბნებში შექმნილ ვითარებას გაეცნენ. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან ხორციელდება. ქვაღორღისა და ნაშალი მასალისგან იწმინდება გზები, მიმდინარეობს წყლის სისტემისა და ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენა.
დილიდან მუშაობდა სპეციალური ტექნიკა სოფელ აწყურში, სადაც 11 ივნისს ნიაღვარმა გზაზე ნაშალი მასალა ჩამოიტანა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, ამ დროისთვის მაგისტრალი გაწმენდილია, თუმცა დაზიანებულია საუბნო ქუჩები. ზაზა მელიქიძის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ნათესები, ნარგავები, და ხეხილი 8 სოფელში დააზიანა. აქედან აწყურში, გურკელსა და წინუბანში მწყობრიდან გამოვიდა შიდა გზები.
11 ივნისის სტიქიამ ბორჯომისა და ახალციხის გარდა, დააზარალა ადიგენის მუნიციპალიტეტიც. აქ ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები 8 სოფელში დააზიანა. დახოცილია შინაური ფრინველი. სამივე მუნიციპალიტეტში ზარალის ოდენობას გამგეობებში შექმნილი სპეციალური კომისიები ადგენენ.