”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მალხაზ ბალახაშვილი: ,,ხელფასი ვის ათასები და ვის კაპიკები აქვს”

ხელფასები საჯარო სამსახურსა და კერძო დაწესებულებებში  –  ახალციხის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შრომის საშუალო ანაზღაურება 300 ლარს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით კი  საქართველოში  საშუალო ხელფასი  800 ლარია.   ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს  მიაჩნიათ, რომ საქმის მცოდნე ადამიანმა საჯარო სამსახურში 2 000 ლარზე ნაკლები ხელფასის შემთხვევაში არ უნდა იმუშაოს.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში საშუალო ხელფასი 800 ლარს შეადგენს, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელი, როგორც საჯარო სამსახურში, ასევე კერძო კომპანიებში დასაქმებულ პირებს აერთიანებს. ახალციხის მკვიდრები საშუალო ხელფასის შესახებ მაჩვენებლს ეჭვქვეშ აყენებენ. მათი თქმით,  შედარებით მაღალია ანაზღაურება საჯარო სამსახურებში, რაც შეეხება კერძო კომპანიებს, ახალციხეში  დასაქმებულ მოსახლეობას თავის რჩენა  თვის განმავლობაში საშუალოდ 300 ლარად უხდება, რაც არასაკმარისია. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ  ყველა პროფესიონალს,  როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში აუცილებელია შესაბამისი და თანაბარი ანაზღაურება ჰქონდეთ.

ახალციხის მერიასა და გამგეობაში განმარტავენ, რომ სპეციალისტის საშუალო ხელფასი მათთან დაახლოებით 500–დან 600 ლარამდეა, თუმცა იმ საქმიანობის გათვალისწინებით, რომლის განხორციელებაც მათ ყოველდღიურად უწევთ, ანაზღაურება გაცილბით ნაკლებია. აქვე განმარტავენ, რომ თანამშრომლეთა ხელფასები რანგობრივად განისაზღვრება და კანონმდებლობის მიხედვით, სახელფასო ფონდმა ადგილობრივი ბიუჯეტის 25%–ს არ უნდა გადააჭარბოს.

ქვეყანაში არსებულ შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელზე საუბრობს  ეკონომიკის დოქტორი, როინ თათეშვილი. სპეციალისტის თქმით, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ის, რომ საჯარო მოხელეები ანაზღაურებას  კერძო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა ხელფასების დაქვითვის ხარჯზე იღებენ. თათეშვილი განმარტავს, რომ  საჯარო და კერძო სექტორებში შრომის ანაზღაურება დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. მცირე ხელფასი კი ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების საფრთხეს წარმოქმნის.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, სახელმწიფო სექტორში, საშუალო ხელფასი 900 ლარამდეა, რაც  მცირედ, მაგრამ მაინც აღემატება ადგილობრივ კერძო კომპანიებში არსებულ მაჩვენებელს, რომელიც 800 ლარამდე მერყეობს.  ორივე სექტორზე მაღალი  ანაზღაურება, დაახლოებით 2 000 ლარამდე ფიქსირდება უცხოურ კომპანიებში.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე