ოჯახში ძალადობის მზარდი სტატისტიკა საქართველოში. პრობლემის სამართლებრივ გადაჭრას, სამცხე–ჯავახეთში სულ უფრო მეტი ქალი ცდილობს. ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ფსიქოლოგებსა და სამართალდამცველებს. როგორ ისჯება ქალზე მოძალადე საქართველოში და რატომ ძალადობენ მამაკაცები ქალბატონებზე. მსხვერპლი მანდილოსნები საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ, თუმცა ჩვენ კორესპონდენტს დაზარალებული საკუთრ ისტორიას კამერის წინ უყვება.
მაია 51 წლისაა. 18 წლის ასაკში დაოჯახდა და ახლა უკვე ორი შვილის დედაა. იგი მეუღლესთან თანაცხოვრების 16 წელს მტკივნეულად იხსენებს და ამბობს, რომ ქმარი მასზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად ძალადობდა. 51 წლის ქალბატონი იმასაც ჰყვება, რომ მისი უმცროსი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხოლოდ იმიტომაა, რომ მეუღლე ფეხმძიმობის დროსაც სასტიკად უსწორდებოდა. ამბობს, რომ 16 წლის თანაცხოვრების შემდეგ ძალები მოიკრიბა და მეუღლეს განქორწინება მოსთხოვა. ამის შემდეგ, მარტოხელა ქალბატონმა, დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მაია ძალადობის მსხვერპლ ქალებს მიმართავს და საკუთრ უფლებებში გარკვევას ურჩევს.
მიმდინარე წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოებას“ ძალადობის მსხვერპლმა 68 ქალმა მიმართა. ამ ეტაპზე თავშესაფარში, რომელიც ორგანიზაციას აქვს შექმნილი, 12 მანდილოსანი და 21 ბავშვია მოთავსებული. ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენლები მძიმე სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობენ.
2006 წლამდე საქართველოში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, კანონი არ არსებობდა – ამბობს „სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ–ქალთა საზოგადოების“ იურისტი. 2006 წლიდან მოძალადეს ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრება. 2012 წელს სისხლის სამართლის კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა, რომლის მიხედვითაც ჯარიმა თავისუფლების აღკვეთამ შეცვალა. მოძალადეს დანაშაულის დამტკიცების შემთხევაში ერთი წლით პატიმრობა ემუქრება. იურიტების თქმით, აღნიშნული რეგულაციის მიუხედავად, ხშირ შემთხევაში მსხვერპლი საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივად არ ცდილობს.
მსხვერპლი მოძალადეზე ფსიქოლოგირად რომ არის მიჯაჭვული, ამაზე სპეციალისტებიც საუბრობენ. ფსიქოლოგების განმარტებით, ძალადობის რამდენიმე გამოვლინება არსებობს. ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური და სხვა. მათი რჩევით, ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ოჯახის წევრებთან მუშაობა შესაბამისი კუთხით უნდა მოხდეს.
მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა, 2012 წელს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ოთხი საქმე შევიდა. 2013 წელს სასამართლოს 29 დაზარალებულმა მიმართა, 2014 წელს ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მასშტაბით 44 საქმე განიხილეს. რაც შეეხება 2015 წელს – 6 თვის მონაცემებით, მოძალადეს 25–მა მსხვერპლმა ქალმა უჩივლა.