”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებისათვის სამცხე–ჯავახეთში 198 პირი დაჯარიმდა

ამოქმედებული ნარჩენების მართვის კოდექსი და საზოგადოების დამოკიდებულება– გარემოს დაბინძურებაზე  გამკაცრებული სანქციების მიღებიდან 6 თვის შემდეგ მოსალხოება ნაგავს კვლავ ქუჩაში ყრის. სამშენებლო მასალები ურნაში  რომ არ უნდა ჩაიყაროს, ამას მოქალაქეებს სხვადასხვა უწყებიდან ისევ საჯაროდ აფრთხილებენ.

ნაგვის ქუჩაში დაყრისთვის 80 ლარით, შენობიდან გადმოყრილი ნარჩენებისთვის კი 100 ლარით დაჯარიმდებით,  თუ ტრანსპორტიდან გადმოყრით ნაგავს, ჯარიმა 120 ლარამდე გაიზრდება – გარემოს დაბინძურების შესახებ ახალი სანქციები იანვარში ამოქმედდა.

მას შემდეგ 6 თვე გავიდა, თუმცა ახალციხეში ამბობენ, რომ გარემოს დაბინძურების კუთხით ქალაქში მდგომარეობა უცვლელია და მოსახლეობა მყარ ნარჩენებს ქუჩაში ისევ ყრის.

იმას,  რომ კანონში შესულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოიღო, ნანა ნათენაძე მოსალხეობის ინფორმირების ნაკლებობით ხსნის. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აწყურის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ სანქციების შესახებ ადგილობრივების მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის. მისი თქმით, თუკი პირთა დაჯარიმება საჯაროდ რამდენჯერმე მოხდება, ეს ყველასთვის მაგალითის მიმცემი იქნება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ აღსრულებაზე პასუხისმგებლობა  გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციასა და ადგილობრივ თვითმმართველობას ეკისრება. შესაბამისად, ქალაქის მასშტაბით, ნაგვის ბუნკერებში ჩაყრილ სამშენებლო მასალებს,  მშენებლობის გამო გადაკეტილ ქუჩებსა და ტროტუარებს და უკანონო მშენებლობებს, დღეიდან სამართალდამცველებთან ერთად, მერიაში ახალად შექმნილი ზედამხედველობის სამსახურიც გააკონტროლებს. მისმა უფროსმა, ნაირა სამსონიძემ სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე, ადგილობრივი მედიის საშუალებით მოსალხეობა კანონში შესული ცვლილებების და ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა.

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ ძალაში 2015 წლის 19 თებერვალს შევიდა. სიახლის შესაბამისად,  ჯარიმის მოცულობა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად სახიფათოა  გადაყრილი ნარჩენი გარემოსთვის, როგორია  მისი მოცულობა და ვინ აბინძურებს გარემოს – ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია. იმის გასარკვევად, გატარდა თუ არა სანქციები სამცხე–ჯავახეთში, ,,მე–9 არხმა“ შშს– ს მიმართა. მათი ინფორმაციით,  ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გადაცდომისთვის, რეგიონში  2015 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე, 80 ლარის ოდენობით, 162 პირია დაჯარიმებული. ხოლო 120 ლარიანი ჯარიმა ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გადაყრილი ნარჩენების გამო, 36 მოქლაქემ მიიღო. სანქციების შედეგად გადახდილი თანხის ოდენობა კი 11 840 ლარს შეადგენს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე