ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში, ნაგვის ურნები დასახლების შესასვლელშია განთავსებული. აღნიშნულმა კი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სჯობდა კონტეინერები სოფლის ცენტრში განთავსებულიყო, რადგან შესასვლელში არსებული ურნით არავინ სარგებლობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგვის ურნები განთავსდა. მათ ნაწილში, კონტეინერები თემის მისასვლელებთან დაიდგა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ კონტეინერები პირველ რიგში სოფლებში უნდა განთავსებულიყო, რადგან აღნიშნული ურნებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.
“ის კონტეინერები რომლებიც დასახლებამდე მისასვლელ გზებთან განთავსდა, სოფლის მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი არ არის” – აცხადებს ახალციხის გამგეობის წარმომადგენელი ფერსის თემში. გიორგი ბლიაძის მტკიცებით, ახლო მომავალში ნაგვის ურნები დასახლებებშიც დაიდგმება, რომლითაც სოფლის მაცხოვრებლები ისარგებებენ.
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, ნაგვის კონტეინერები ეტაპობრივად ყველა თემში განთავსდება. ნოდარ ბალახაშვილის თქმით, სოფლების სრულად აღჭურვისათვის 400–მდე კონტეინერია საჭირო. აღნიშნული რაოდენობა კი დასახლებებში უბნების სიმჭიდროვის მიხედვით დაიდგმება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სოფლების მისასვლებებთან 160 ბუნკერია განთავსებული. აღნიშნულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 067 ლარი გამოიყო. სოფლებს, ურნების დასაცლელად, გამგეობის მიერ შეძენილი ნაგვის მანქანა ემსახურება. აღნიშნული პროცესით ახალციხის მუნიციპალიტეტი, მყარი ნარჩენების კოდექსის ამოქმედებისათვის ემზადება, რომელიც ძალაში 2016 წელს შევა.