3 წლიანი უმოქმედობის შემდეგ, ახალციხის მერია ხელოვნური ტბის აღდგენას გეგმავს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. მათი გათვლით, ტურისტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსი ზაფხულში უკვე მზად იქნება და ახალციხეში ჩამოსულ ტურისტს თუ დამსვენებელს მაღალ დონეზე მოემსახურება.
ახალციხის ხელოვნური ტბის კომპლექსი, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 3 წლის წინ 2 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამ დროისათვის, მთლიანად მწყობრიდან არის გამოსული. წყლის ნაწილი დაშრა, ნაწილი კი დაჭაობდა და მოუვლელობისგან დაბინძურდა.
ახალციხეში მცხოვრები ადგილობრივები ამბობენ, რომ 2012 წელს, როდესაც რეაბილიტირებული კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა, ტერიტორიას ადგილობრივები და დამსვენებლები ხშირად სტუმრობდნენ, თუმცა ახლა ამ ადგილიდან მხოლო ბაყაყების ხმა ისმის.
3 წლიანი უმოქმედობის შემდეგ, ახალციხის მერიამ ტბის რეაბილიტაციისთვის მზადება დაიწყო. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღდგენითი სამშოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი გამოიყო. მის ფარგლებში ტურისტულ–გასართობი კომპლექსი ზაფხულში უკვე მზად უნდა იყოს. თუმცა მანამდე მერიის ბაზაზე ააიპ ,,ტბის“ ჩამოყალიბება იგეგმება, რომელიც შემდეგში კომპლექსს ზედამხედველობას გაუწევს. ააიპი–ს ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია მერიის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. იმისთვის, რომ ობიექტზე სამუშაოები დაიწყოს, მერიაში კიდევ ერთ დაბრკოლებას ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ბოლო დღეებში ადიდებულმა ფოცხოვმა სათავე–ნაგებობა, საიდანაც ტბაში წყალი ჩაედინებოდა მწყობრიდან გამოიყვანა, ამიტომ, სანამ სათავე არ მოწესრიგდება ტერიტორიაზე სამუშოების დაწყება შეფერხდება.
ახალციხის ხელოვნური ტბის რეაბილიტაცია 2012 წელს მოხდა, იმ პერიოდში მუნიციპალიტეტის გამგებელი, გელა დემეტრაძე იყო. ახლა უკვე ,,ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ახალმა ხელისუფლებამ რეაბილიტირებულ ტბას ყურადღება არ მიაქცია, რის გამოც მწყობრიდან გამოვიდა, როგორც წყლის სათავე–ნაგებობა, ასევე 300 ათასი ლარის ღირებულების შადრევნები და დაახლოებით მილიონ ნახევრის ინფრასტრუქტურა. გელა დემეტრაძე არასწორს უწოდებს ახალი ააიპის შექმნასაც. ამბობს, რომ ტერიტორიის მეთვალყურეობა ხელშეკრულების საფუძველზე ერთ პირსაც შეეძლება.
3 წლის წინ დახარჯული 2 მილიონი ლარის შემდეგ , ტბის ხელახალი რეაბილიტაციისათვის ამჯერად 80 ათასი ლარი გამოიყოფა. თვითმმართველობის ინფორმაციით, თანხა ძირითადად, ტურისტულ–გასართობ კომპლექსს მოხმარდება, რისთვისაც 2 ნავს ახალციხეს ბათუმის მერია გადამოსცემს. გარდა ამისა, ტბაზე განთავსდება წყლის ველოსიპედები, მოეწყობა ტურისტებისათვის კარვების დასადგმელი ადგილები, ხელი შეეწყობა მეთევზეობის განვითარებას, სპეციალურად პლიაჟისათვის კი სილა დაიყრება. კომპლექსში იგეგმება ტრენაჟორების დადგმაც. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 17 ათას ლარად შეფასებული მოწყობილობა, ღია ცის ქვეშ განთავსდება და მსურველებს მოემსახურება. მერიის ინფორმაციით, ახალი კომპლექსით ახალციხელებს სარგებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე შეეძლებათ.