”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელები ქვეითთა გადასასვლელების მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობენ

ახალციხეში საგზაო მონიშვნებსა და ქვეითთა გადასასვლელებზე საღებავის კვალი თითქმის არსად ეტყობა. სად უნდა გადაკვეთოს სავალი ნაწილი ფეხით მოსიარულემ – ქალაქის გზებზე ამის გარკვევა ხშირად შეუძლებელია. საგზაო მონიშვნები ბოლო დროს არ განახლებულა. მოსახლეობა ქვეითთა გადასასვლელების მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობს. გზებზე მონიშვნების განახლებას როგორც ქვეითები, ისე მძღოლები ითხოვენ.

ე.წ. ზებრა გადასასვლელზე უპირატესობა რომ ქვეითს ენიჭება, ამას მძღოლები მართვის მოწმობის აღებისას,  გამოცდაზეც ადასტურებენ.  მიუხედავად ამისა, ფეხით მოსიარულეები ჩივიან, რომ მძღოლები საგზაო  მოძრაობის ამ წესს ხშირად არღვევენ. მათ ფეხით მოსიარულეებისთვის გზის დათმობა რომც უნდოდეთ, რთული გასარკვევია სად ეკუთვნით  უპირატესობა. ქალაქში საგზაო მონიშვნების კვალი თითქმის აღარ ჩანს. ქვეითები ჩივიან, რომ ამის გამო ხშირად  საავარიო სიტუაცია იქმნება.

მძღოლები კი ქვეითთა დაუდევრობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ე.წ. ზებრა გადასასვლელების არარსებობის გამო ზოგიერთი ფეხით მოსიარულე გზას შეუფერებელ ადგილზე კვეთს. საგზაო ნიშნები და მონიშვნები კანონმდებლობას არ შეესაბამება. ახალციხელები  ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროულად უნდა მოაგვაროს.

ახალციხის  მერიაში ვერ იხსენებენ, როდის განახლდა  ბოლოს საგზაო მონიშვნები. ადგილობრივი ხელისუფლება  ამბობს, რომ ქალაქში  მათი მოწესრიგება ჯერ არ იგეგმება.

მერის მოადგილე კონკრეტულ თარიღს ასახელებს, თუ როდის დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე