დასაქმების პრობლემა ახალციხეში. სამსახურის დაწყების მსურველთა რაოდენობა დიდია, ვაკანტური ადგილები კი ბევრად ნაკლები. მათი კომპეტენციის შესაბამისი სამსახურის პოვნაზე, განსაკუთრებით, ახალგაზრდები ჩივიან. სტუდენტები დასაქმების გარდა, პრაქტიკის გავლის პრობლემის წინაშეც დგანან.
ახალგაზრდებს რეზიუმეს ჩასაბარებლად გრძელ რიგში დგომა კიდევ არაერთხელ მოუწევთ. სტუდენტები სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებას ყოველდღიურად უშედეგოდ ცდილობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ახალციხეში ვაკანტური ადგილები არათუ ახალგაზრდებისთვის, არამედ გამოცდილი კადრებისთვისაც ძნელად მოიძებნება.
ადგილობრივ თვითმმართველობებს სტაჟირებაზე ახალგაზრდების აყვანას კანონი ავალდებულებს – ამბობს ქალაქის მერი. რატომ არ გადიან სტუდენტები სტაჟირებას ახალციხის მერიაში – გიორგი კოპაძე მიზეზად ტექნიკურ საკითხს ასახელებს. შენობაში, რომელსაც ქალაქის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა იკავებს, სივიწტოვის გამო სტაჟიორებისთვის ადგილი ვერ გამოძებნა. ქალაქის პირველი პირი ირწმუნება, რომ ახალ შენობაში მერიის გადასვლის შემდეგ ახლგაზრდებს პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას აუცილებლად მისცემს. სტაჟირების დასრულების შემდეგ მერიაში მათი დასაქმება ჯერ არ განიხილება. ქალაქის მმართველ ორგანოში არც ერთი ვაკანტური ადგილი არ არის.
სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს დასაქმების პრობლემის მოგვარების ერთ–ერთ გზას სთავაზობს. უმაღლეს სასწავლებელში ახალგაზრდების უნარ–ჩვევების წარმოსაჩენად დასაქმების ფორუმი ჩატარდა. მასში 200–ზე მეტი კომპანია იყო ჩართული. მერაბ ბერიძე იმედოვნებს, რომ სტუდენტების ნაწილის დასაქმება ფორუმში მონაწილე ბიზნეს სექტორში მოხდება.
სტაჟირების შეთავაზება მერისგან და დასაქმების ფორუმი რექტორისგან – მიუხედავად ამისა, ახალგაზრდების უმრავლესობა სამსახურის ძებნას უშედეგოდ აგრძელებს. პოტენციური დამსაქმებლები და სტუდენტები ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა ახალგაზრდები დასაქმების ფორუმიდან გამოხმაურებას არ ელიან. მასში წარმოდგენილი 200–ზე მეტი კომპანიიდან ვაკანტური ადგილები რამდენიმე მათგანს ჰქონდა.