”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ტაბაწყურის მოსახლეობა სოფლის დატოვებით იმუქრება

ხმაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში. ადგილობრივი მოსახლეობა ტბის გასხვისების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. სოფლის მკვიდრები კერძო პირისთვის ლიცენზიის გაბათილებასა და ტბაში თევზჭერის  ნებართვას მოითხოვენ. რეაგირებისათვის მათ გარემოს დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაც გამართეს. ვითარებაში გასარკვევად სოფელს 17 მაისს, მინისტრის მოადგილე ესტუმრა.

ლიცენზიის სახით გასხვისებული ტბა, თევზჭერის აკრძალვა  და უკმაყოფილო ადგილობრივები –  ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.  ტაბაწყურის მკვიდრებისთვის, ტბა, შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, თუმცა იგი მეხუთე წელია კერძო მესაკუთრის მმართველობაშია. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ რაც სოფლის  რესურსს ვეღარ იყენებენ, მათი ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ტაბაწყურის მაცხოვრებლები ცენტრალური ხელისუფლებისგან ლიცენზიის გაბათილებასა და თევზჭერის ნებართვას მოითხოვენ.

აკრძალვის მიუხედავად, სოფელ ტაბაწყურის ტბაზე ადგილობრივები თევზჭერას მაინც აგრძელებენ. სწორედ ეს გახდა იმ დაპირისპირების მიზეზი, რომელიც ტაბაწყურის მაცხოვრებლებს შორის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტის დროს მოხდა. სოფლის მკვიდრი ბაგრატ მურადიანი აცხადებს, რომ ტბის დირექტორის ალიხა მურადიანის ვაჟმა მას ნავი დაუზიანა, ერთ–ერთ ადგილობრივს კი ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც სამართალდამცველებიც შეესწრნენ.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ ინციდენტს არ შესწრებიან, თუმცა აუცილებლად გამოიძიებენ.  შვილის მიერ თანასოფლელების ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს ტაბაწყურის ტბის დირექტორიც. ალიხა მურადიანი ირწმუნება, რომ აივაზიანი მას თავად დაუპირისპირდა და გაშველების დროს დაშავდა. მამა იმასაც აცხადებს, რომ შპს „ტბებს“ მფლობელობის 20 წლიანი ლიცენზია აქვს, რომლის თანახმადაც, თანასოფლელებს ტბის რესურსის თვითნებურად გამოყენება ეკრძალებათ.  ალიხა მურადიანის თქმით, ადგილობრივები თევზჭერაზე ნებართვას მთავრობისგან კანონის შესაბამისად იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ დაჭერილი თევზის 50 %–ს მეპატრონეს გადასცემენ.  „თუ უჭირთ, უნდა იმუშავოთ, მაგრამ ამ შეთავაზებაზე არ მოდიან“ – აცხადებს ტბის დირექტორი.

ტაბაწყურში არსებულ მდგომარეობას მძიმე მემკვიდრეობას უწოდებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. თემურ მურღულია ვერ აკონკრეტებს, თუ როგორ შეძლებს სახელმწიფო შექმნილი ვითარებიდან უმტკივნეულო გამოსავლის პოვნას, თუმცა ირწმუნება რომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით პრობლემა უმოკლეს ვადაში მოგვარდება.

ტაბაწყურის ტბაზე ლიცენზია კერძო მფლობელზე 2010 წელს გაიცა. ადგილობრივები ირწმუნებიან რომ ტბის გასხვისება 25 წლის ვადით, ფორმალურ აუქციონზე მოხდა. 5 წლის წინ აღნიშნული ტბით ორი სოფელი ტაბაწყური და მოლითი სარგებლობდა. 400–ზე მეტი ოჯახის შემოსავლის წყარო, ძირითადად, ტბაში დაჭერილი თევზის რეალიზება იყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ზამთარი  ცხრა თვის განმავლობაში გრძელდება და თევზჭერის გარდა, სოფლის მეურნეობის სხვა დარგით თავის გატანა შეუძლებელია. იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ მოგვარდება ტაბაწყურის მკვიდრები სოფლის დატოვებით იმუქრებიან.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე