”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სასმელ წყალში საშიში ბაქტერიები აღმოჩნდა

სასმელ წყალზე აღებული შვიდი  ნიმუშიდან საერთო კოლიფორმული ბაქტერია ყველა მათგანში აღმოჩნდა. სურსათის უვნებლობის სამსახურმა ლაბორატორიული შემოწმების დასკვნა დადო. ასპინძის, ადიგენისა და ახალციხის ბაგა–ბაღებსა  და სკოლებში ონკანის წყალი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა.

ახალციხის ნომერ მეორე და მესამე ბაგა–ბაღებში, სასმელ წყალზე აღებულ ნიმუშებში საერთო კოლიფორმული ბაქტერია აღმოჩნდა. კვლევა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს და სინჯები  შ.პ.ს „ეტალონის“ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ანალიზის პასუხებმა კი დაადასტურა, რომ წყალი სასმელად უვარგისია.

ახალციხის ნომერ  მეორე ბაგა–ბაღის მენეჯერის თქმით, მას შემდეგ, რაც სინჯებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერია აღმოჩნდა, დაწესებულებაში  წყლის გამოყენება მხოლოდ  გადადუღების შემდეგ ხდება.  თუმცა ნათელა გელაძის მტკიცებით ამ ეტაპზე დაწესებულებაში წყლის გამო ბავშვების მოწამვლა, არ დაფიქსირებულა.

ნომერ მეორე და მესამე ბაგა–ბაღებში წყალი, რომ სასმელად უვარგისია ამაზე აღსაზრდელთა მშობლებიც საუბრობენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ სასმელ  წყალს ამ დრომდეც საკუთარი ხარჯებით ყიდულობდნენ და ბავშვებს დაწესებულებაში  ატანდნენ. მშობლები მიიჩნევენ, რომ პრობლემა არა მარტო ბაღებში, არამედ მთლიანად ქალქაშია. აღნიშნულს ადასტურებენ მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებიც.

სააგენტოს რეგიონულმა სამმართველომ ლაბორატორიული დასკვნა ახალციხის მერიასა და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ რეგიონულ ფილიალს უკვე გადაუგზავნა და  მათ ზომების მიღება მოსთხოვა. როგორც კომპანიის ფილიალში აცხადებენ,  წყლის ხარისხის  შემოწმება, ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში ხდება.  ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი ირწმუნება, რომ თავის  დაზღვევის მიზნით,  სათავე ნაგებობაზე, ცენტრალურ მაგისტრალსა და გამანაწილებელი ქსელის სახასიათო წერტილებში სინჯების აიღება ხელახლა მოხდა, თუმცა რაიმე სახის დარღვევა არ აღმოჩენილა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის ორი ბაღის გარდა, რეგიონის მასშტაბით კიდევ 5 საგანმანათლებლო დაწესებულება შეამოწმა.   საერთო კოლიფორმული ბაქტერიები ასპინძის საჯარო სკოლასა და ნომერ პირველ ბაგა–ბაღში, ასევე, სოფელ უდის ნომერ პირველ ბაგა–ბაღში, არლის ბაღში და დაბა ადიგენის ნომერ პირველ ბაღშიც აღმოჩნდა.  სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თქმით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას, პრობლემის დრულად აღმოფხვრის მიზნით,  სარეკომენდაციო წერილით მიმართეს. ლია ბექაურის განმარტებით, სასმელ წყალზე განხორციელებული მონიტორინგი გეგმიურია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ხორციელდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე