ასპინძის მოსახლეობა სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ელოდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალდიდობის შემდეგ ერთი წელი გავიდა, თუმცა მათ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ასპინძაში მხოლოდ სტიქიისაგან დაზიანებული ხიდები შეკეთდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა.
სტიქიის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ასპინძელები დღემდე ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ ერთი წლის წინ წყალდიდობამ დაბა მნიშვნელოვანად დააზარალა, თუმცა არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლებისაგან ოჯახებს კომპენსაცია არ მიუღიათ. უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა „ოთის წყლებმა“ დაბის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი გასული წლის მაისის თვეში მიაყენა.
ადგილობრივ თვითმართველობაში ამბობენ, რომ მოსახლეობის ზარალის აღწერის შემდეგ, სიები შესაბამის უწყებებს მაშინვე გადაეგზავნათ, თუმცა მიიღებენ თუ არა ასპინძელები სტიქიისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას – ეს მათთვისაც უცნობია. ასპინძის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის, მხოლოდ სტიქიისაგან დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგა. გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში 9 ახალი ხიდი აშენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდა. აღნიშნულისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 905 000 ლარი დაიხარჯა.
გასულ წელს ჭარბმა ნალექმა, ასპინძის გარდა, მნიშვნელოვნად კიდევ ორი მუნიციპალიტეტი ადიგენი და ბორჯომი დააზარალა. მხარის გუბერნატორი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ სტიქია ყველაზე ძვირად ადიგენის მუნიციპალიტეტს დაუჯდა. თემმა მნიშვნელოვანი ზარალი სოფლის მეურნეობის კუთხით მიიღო. აკაკი მაჭუტაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადიგენს 321 000 ლარის ღირებულების სურსათი და საცხოვრებელი სახლების გადასახური მასალა გადასცა. ასპინძაში კი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. რაც შეეხება განადგურებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, რეგიონის პირველი პირის თქმით, ზარალის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი უწყებიდან პასუხს, ამ დრომდე ელოდებიან.
ასპინძის მუნიციპალიტეტში სტიქია გასული წლის 12 მაისს მოხდა. უხვი ნალექის გამო მდინარე „ოთის წყლები“ ადიდდა, რამაც ასპინძას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. დაზიანდა ხიდები და დაბის შიდა ქუჩები. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა და რამდენიმე მათგანს ფუნდამეტი გამოაცალა. განადგურდა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა შინაური ფრინველი და ცხოველი. სტიქიისაგან მიყენებულმა ზარალმა 1 343 000 ლარი შეადგინა.