”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გასაწმენდი სათავე ნაგებობები და დაბინძურებული სასმელი წყალი ასპინძაში

ასპინძის მოსახლეობა  სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის, რომელიც სასმელად უვარგისია.  გამგეობაში კი განმარტავენ, რომ სისტემის მოწესრიგებისათვის ცენტრალური ხელისუფლების პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.

გასაწმენდი სათავე  ნაგებობები და დაბინძურებული სასმელი წყალი  ასპინძის მუნიციპალიტეტში – დაბის მოსახლეობა სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს. ასპინძელები ამბობენ, რომ ყოველი წლის გაზაფხულზე  წყალი ბინძურდება და სასმელად უვარგისი ხდება, ამიტომ იძულებულნი არიან მაღაზიებში შეიძინონ, რაც მათივე თქმით, წყლის გადასახადთან ერთად, ორმაგ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ოთის წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც სასმელი წყალი მიეწოდებათ, წლებია გასაწმენდია.

იმისთვის, რომ დაბის მოსახლეობამ ოთის წყლით აღარ ისარგებლოს,  ხანდოს წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია იგეგმება – განმარტავენ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ალექსანდრე  პაპაშვილის თქმით, სისტემის  მშნებლობა 2007 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ ხერხდება. გამგებლის მოადგილე ირწმუნება, რომ  სისტემა ამორტიზებულია, რადგან ძველი არხებით არის დაქსელილი. პაპაშვილის თქმით, ყოფილმა ხელისუფლებამ  ხანდოს წყლის სისტემა ჩაიბარა. მათ კი ხარვეზების გამოსწორება უწევთ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ბრალდებებს უარყოფს, ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმღვანელი და ყოფილი გამგებელი.   ბესიკ ბექაურის თქმით, აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, თუმცა მაშინდელი თვითმართველობა რეაბილიტაციის პროცესს მუდმივად  აკონტროლებდა.  იგი ირწმუნება, რომ ძველი და დაზიანებული არხებით, სისტემის მშენებლობა არ მომხდარა.   ბესიკ ბექაურის თქმით,  მოსახლეობისათვის ხარისხიანი წყლის მიწოდება, ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებაა.

როდის დაიწყება ეგრეთ წოდებული „ხანდოს წყლების“ რეაბილიტაცია და როდის მიეწოდება მოსახლეობას სუფთა სასმელი წყლი – ამას ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ვერ აკონკრეტებენ. გამგეობაში აცხადებენ, რომ  აღნიშნულის თაობაზე პასუხს ცენტრალური უწყებიდან   ამ დრომდე ელოდებიან.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე