ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რუსეთის მიმართ ნდობა გაიზარდა– აღნიშული შედეგი NDI-ს კვლევამ გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, ჩრდილოელ მეზობელთან მჭიდრო ურთიერთობის სურვილი 15%–ით მეტ ადამიანს გაუჩნდა.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევრაზიული კავშირის ანუ პოსტ–საბჭოთა ქვეყნების გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 15 %–ით გაიზარდა. იგივე ანგარიშის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ადგილობრივების ნდობა რუსეთის მიმართ მაღალია. კვლევის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, გამოკითხულთა 49%-ს მიაჩნია, რომ საქართველო მეტ სარგებელს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მიიღებს, ხოლო 26% ფიქრობს, რომ აუცილებელია რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბდეს. კითხვაზე, რომელი კურსი იქნება მომგებიანი საქართველოსათვის? – ადგილობრივების ნაწილმა ჩრდილოეთ მეზობელთან დაახლოების სურვილი გამოთქვა.
გამოკითხულთა იმ კატეგორიას, რომლებსაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, ევროპასთან ურთიერთობა ურჩევნია, ძირითადად, მესხეთში მცხოვრები ახალგაზრდები წარმოადგენენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ევროპა საქართველოს, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური და საგანმანათლებლო კუთხით მეტ წარმატებას მოუტანს. ნაწილი კი უბრალოდ ევროპას ირჩევს და მიზეზს ვერ ასახელებს.
NDI–ის კვლევის შედეგებისა და ორი ძლიერი მხარის მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულების შესახებ საუბრობს ისტორიკოსი და ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი. ცირა მესხიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ მოსახლეობაში რუსეთის მიმართ ნდობის მაჩვენებელმა ერთ წელიწადში 15 %–ით აიწია, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მსგავსი კვლევა მან საკუთარი საქმიანობისათვის რამდენიმე წლის წინ ჩაატარა. შედეგების მიუხედავად, მესხიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკის ღირებულებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, ამიტომ, ქვეყანამ აუცილებელია კურსი ევროპისაკენ მიმართოს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მაცხოვრებლების ჩრდილოელი მეზობლისადმი კეთილგანწყობას ისტორიკოსი რამდენიმე მიზეზით ხსნის.
ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული 4 360 რესპონდენტიდან, მოსახლეობის 65% მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას უჭერს, 31% კი ევრაზიული კავშირის, ანუ პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაერთიანების მომხრეა. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოკითხვა 27 მარტიდან 19 აპრილამდე პერიოდში ჩაატარა. მან ქვეყნის მასშტაბით, 4 360 ადამიანი გამოიკითხა. მათ შორის ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში. დამატებითი წარმომადგენლობითი შერჩევა გაიმართა თვითმმართველ ქალაქებში: ახალციხეში, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და გურჯაანში.