მიუხედავად იმისა, რომ კვების ობიექტების მეპატრონეებს კანონი მოსაწევი ადგილის გამოყოფას ავალდებულებს, რესტორნებისა და კაფეების უმეტესობაში მწეველთა ზონა არ არსებობს. ხელმძღვანელები არგუმენტად იმას იშველიებენ, რომ თამბაქოს კვამლით შეწუხებულ კლიენტს მათთვის არასდროს მიუმართავს.
თუ არამწეველი ხართ და ისეთ გარემოში გსურთ სადილობა, სადაც თამბაქოს კვამლი არ შეგაწუხებთ – ასეთი რესტორნისა თუ კაფის პოვნა გაგიჭირდებათ. ახალციხეში არსებული კვების ობიექტების უმეტესობაში, კანონით განსაზღვრული მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ არის. ამის გამო ხდება ადამიანი პასიური მწეველი, რაც მის ფუნდამენტურ – ჯანმრთელობის უფლებას არღვევს.
საქართველოს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ რესტორნების, კაფე-ბარებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს შენობაში მოსაწევი ზონების გამოყოფას ავალდებულებს. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ადგილის გამოყოფა ვერ ხერხდება, ამ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მომხმარებელი პირი 5 ლარით ჯარიმდება.
თამბაქოს მომხმარებელთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ კვების ობიექტში მოწევა კანონით ისჯება, თუმცა იმაზე თანხმდებიან, რომ სიგარეტის კვამლი როგორც აქტიური, ასევე პასიური მწეველისთვისაც საზიანოა, ამიტომ საზოგადოება კვების ობიექტებში მწეველთათვის ადგილის გამოყოფის მომხრეა.
მედიკოსები შემაშფოთებელს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოში როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველთა რაოდენობა იზრდება. არაერთმა კვლევამ დაადგინა, რომ ის დაავადებები, რომლებიც თამბაქოს მომხმარებლებს აწუხებთ, არამწეველებში – კვამლის ჩასუნთქვითაც ვითარდება.
ციფრები მათთვის, ვინც თვლის, რომ თამბაქოს კვამლი არამწეველების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი სიგარეტის მავნე თვისებების გამო იღუპება. აქედან 600 ათასი პასიური მწეველია.