”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რატომ იცლება მოსახლეობისგან სოფლები სამცხე–ჯავახეთში?

საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის რაოდენობა, დაახლოებით, 47 ათასი კაცითაა შემცირებული, რაც 2002 წლის აღწერის შედეგებზე თითქმის 23 %-ით ნაკლებია. მოსახლეობის მიგრაცია, ძირითადად, სოფლებიდან ხდება.

გოგიტა მსხვილიძე 78 წლისაა და ფარეხაში  მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ მათი სოფელი დაცლილია. მოხუცებს მხოლოდ რამდენიმე მეზობელი ჰყავთ. ჩვენ რესპონდენტს გული წყდება, რომ საკმაოდ ნაყოფიერი მიწები რამდენიმე წელია მიტოვებული და დაუმუშავებელია.

სოფელში  ყველაზე ახალგაზრდა 53 წლის ქალბატონია. როზა დალაგონიანი ფარეხაში დაიბადა და ამბობს, რომ წლების წინ სოფელში 50–მდე  ოჯახი ცხოვრობდა, შემდეგ დასახლება ნელ-ნელა დაიცალა და ეხლა ფარეხას მხოლოდ ხანდაზმულები შემორჩნენ. როზა დალაგონიანის თქმით, სოფელში ახალგაზრდები,  რამდენიმე მიზეზის გამო არ ჩერდებიან. აღნიშნული დასახლება 25 წელია ელექტრო–ენერგიის გარეშეა დარჩენილი. სოფელში არც სასმელი და სარწყავი წყალია, ხოლო სკოლა 30 წელია რაც ნანგრევებად იქცა.

სოფელში მცხოვრები ხანდაზმულები ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მათი პრობლემების მოგვარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივების თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მათ განუმარტა, რომ სოფელში ელექტროენერგიის შეყვანის ხარჯს მხოლოდ ოთხი ოჯახისთვის ვერ გაიღებდა.

2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით, 47 ათასი კაცით არის შემცირებული, რაც  2002 წლის აღწერის შედეგებზე  თითქმის 23%-ით ნაკლებია. მონაცემების მიხედვით მოსახლეობის მიგრაცია ძირითადად თემებიდან ხდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში ამბობენ, რომ უმუშევრობის, გაუმართავი ინფრასტრუქტურის, არასრულყოფილი განათლების, სარწყავი და სასმელი წყლის არარსებობის გამო ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებს და ზოგჯერ ქვეყანასაც ტოვებენ. მოსახლეობის აზრით, თუ ადგილობრივებს სოფელში საცხოვრებლად ნორმალური პირობები ექნებათ შიდა და გარე მიგრაციაც შემცირდება.

მოსახლეობის სოფლებიდან წასვლის მთავარი მიზეზი რომ მძიმე სოციალური პირობებია, ამას  ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლებაც ადასტურებს. თუმცა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაქარია ენდელაძეს კონკრეტული მიზეზების  დასახელება უჭირს. საკრებულოს თავმჯდომარეს იმედა მღებრიშვილს კი მიაჩნია, რომ  მოსახლეობის რაოდენობის შემცირება  შესაძლოა აღწერის დროს დაშვებულმა უზუსტობებმა განაპირობეს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ თითქმის 3 მილიონ 800 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა 2002 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით თითქმის 15 %-ით ნაკლებია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე