ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მოსახლეობას ნათესების მორწყვის პრობლემა ექმნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ თესვის პროცესი დასრულდა, თუმცა სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების შემდეგი ეტაპი – რწყვა, მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო, ხარვეზებით ჩაივლის.
ნათესების მორწყვის სეზონი ახლოვდება და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მოსახლეობა სარწყავი წყლის პრობლემაზე ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ თესვის პროცესისათვის მათ ოჯახის დანაზოგი თანხა სრულად დახარჯეს, იმისთვის, რომ მაცხოვრებლებმა უხვი მოსავალი მიიღონ, პრობლემას სარწყავი სისტემის არ არსებობა ქმნის. მათივე თქმით, პირველ ეტაპზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მძლავრი წყლის სატუმბი მოწყობილობის შეძენასა და სათავე ნაგებობის მოწყობისათვის უნდა იზრუნოს, რადგან მოსახლეობამ წყალის საჭირო ოდენობა უპრობლემოდ მიიღოს.
სარწყავი წყლის პრობლემის მიუხედავად, მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლაჯურში პრიორიტეტად სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა შეირჩა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგება სურდათ, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ მოიპოვება. ბოლაჯურელების თქმით, გასულ წელს, პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, თუმცა წყალი ძალიან ცოტა მოდიოდა და მასზე გადასახადი 1 საათის განმავლობაში 70 ლარით განისაზღვრა. მას შემდეგ სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მიმდინარე წელს ნათესები მორწყვის გარეშე დარჩება.
ადიგენის სოფლებში რწყვის სეზონისათვის მზადების პროცესზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს. შპს ,,ადიგენის კომუნალური და საირიგაციო გაერთიანების“ წარმომადგენელის თქმით, თანხის უქონლობის გამო წყალსატუმბის შეძენა ვერ მოხერხდება. რა გზით უნდა მოგვარდეს ადგილობრივების პრობლემა – ეს მომავალ კვირაში გადაწყდება. რაც შეეხება სხვა სოფლებს, სარწყავი არხების გაწმენდით სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს ,,დავითი“ 1100 ლარის ფარგლებში შეასრულებს.
ღორთუბანი, საირმე, ჭელა, პატარა და დიდი სმადა, ფხერო, ზემო ენთელი, ჩორჩანი– ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტად სარწყავი წყლის მოწესრიგება შეირჩა. თუმცა ამ ეტაპზე სამუშოების დაწყებული არ არის და მხოლოდ პროექტების მომზადება მიმდინარეობს.
2015 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის 545 000 ლარია გამოყოფილი. მის ფარგლებში, დასახლებებში ის საკითხები უნდა მოგვარდეს, რომლებიც ადგილობრივებისთვის პრობლემურია. თუმცა სოფლისთვის გამოყოფილი თანხის არასაკმარისი რაოდენობის გამო, შერჩეული პრიორიტეტები შესაძლოა შეიცვალოს.