ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. საბოლოო, მესამე ეტაპზე, გასაუბრება 48 კონკურსანტმა გაიარა. ბოლო მონაწილე ნანა კურტანიძე იყო, რომელსაც განაცხადი იურიდიული საკითხების მთავრი სპეციალისტის ვაკანსიაზე ჰქონდა შევსებული. კონკურსანტებმა საკუთარი შესაძლებლობები საკონკურსო–საატესტაციო კომისიის 7 წევრის წინაშე გამოავლინეს. ისინი კომისიის თითოეულმა წევრმა 10 ბალიანი სისტემით შეაფასა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, კონკურსანტებს გასაუბრების შედეგები გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში ეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუკი პოზიციები დაუკმაყოფილებელი დარჩება, გამგეობა მათზე ვაკანსიებს კიდევ ერთხელ გამოაცხადებს.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპზე სულ გასაუბრება 75 კონკურსანტს უნდა გაევლო, თუმცა 17 მათგანი არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის თვითმმართველობაში კონკურსი მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაიწყო. გამგეობამ ვაკანსია 29 პოსტზე გამოაცხადა, ხოლო საკრებულომ ორ – პოზიციაზე.