”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩაერთო

სამცხე–ჯავახეთი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩაერთო. სეტყვა,  წყალდიდობა, ქარიშხალი  და უხვი ნალექი ეს ის სტიქიური მოვლენებია, რის  შედეგადაც მიყენებულ  ზარალს რეგიონში არსებული სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ.  რამდენად ინფორმირებულია საზგადოება აღნიშნულის შესახებ და  რას ფიქრობენ ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამაზე  – დეტალები ნახეთ  გიორგი ხმალძის სიუჟეტში

კარტოფილი, კომბოსტო , ხეხილი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დაზღვევაც ფერმერებს სამცხე–ჯავახეთში უკვე შეუძლიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ აგროდაზღვევა დროულია, რადგან ბოლო წლებში სტიქიური მოვლენების გამო, რეგიონის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მთელი წლის შემოსავალს კარგავს.  მათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული აგროდაზღვევის პროგრამა მოსწონთ, თუმცა შედეგებზე საუბარი უჭირთ.

ამ ეტაპზე, მოსახლეობისთვის მოსავლის დაზღვევას, სამცხე-ჯავახეთში წარმოდგენილი კომპანია ,,უნისონი“ აწარმოებს.  კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობის ოფის-მენეჯერი  განმარტავს, რომ სტიქიის შემთხვევაში, ფერმერი ვალდებულია, დროულად აცნობოს კომპანიას, რათა აგროდამზღვევი ადგილზე მოემსახუროს  მას და მიყენებული ზარალის დათვლაც სრულად მოხდეს. ლონდა ლონდარიძე იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე კომპანიის შეთავაზებას მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დათანხმდება.

2015 წლის სამთავრობო დადგენილების მიხედვით, აგროდაზღვევის პროგრამას  სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამა ძირითადად მცირემიწიან ფერმერებზეა გათვლილი. აქცენტი ადიგენისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებზე გაკეთდა, რადგან აქ ხშირია სტიქიური მოვლენები – განმარტავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი.  ნანა ზუბაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ,,უნისონი“-ს გარდა ამ მიმართულებით რეგიონში სხვა კომპანიებიც იმუშავებენ.

,,სამცხე– ჯავახეთში  სტიქიური მოვლენები გახშირდა, ადგილობრივ ბაზარზე კი აგროდამზღვევი კომპანიების აქტიურობა არ შეინიშნება“ – აღნიშნავს ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი. გურამ ჯინჭველაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ფერმერების დროული  ინფორმირება აუცილებელია.  იგი სადაზღვეო კომპანიებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

 აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა საქართველოში 2014 წლის 1 სექტემბრიდან  მოქმედებს, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. იგი წვრილ და საშუალო ზომის ფერმერულ მეურნეობებსა და კოოპერატივებზე ვრცელდება. მასში ქვეყნის მასშტაბით ხუთი კომერციული სადაზღვევო კომპანიაა ჩართული. აგროდაზღვევა1 წლიანია და იგი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე იმოქმედებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე