ანდრეი კარაკაშიანს სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, ახალციხის საპატრულო პოლიცია მართვის მოწმობას არ უბრუნებს. მისი ადვოკატი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ კარაკაშიანმა, საპატრულო პოლიციაში სასამართლო გადაწყვეტილება წარადგინა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ჯარიმის ოქმი ბათილად იქნა ცნობილი და რომლის საფუძველზეც კუთვნილი მართვის მოწმობის დაბრუნება ითხოვა, თუმცა სამართალდამცველებმა უარი განუცხადეს.
ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, რომ პოლიციამ კარაკაშიანს მართვის მოწმობის სანაცვლოდ ახალ ადმინისტრაციულ ოქმზე ხელის მოწერა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც მას მანევრირების წესების დარღვევაში სდებდნენ ბრალს. კარაკაშიანის თქმით, მსგავს დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
ადვოკატმა აღნიშნულთან დაკავშირებით შსს–ს გენერალურ ინსპექციას მიმართა, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია და კარაკაშიანი მართვის მოწმობას კვლავ ელოდება.
შეგახსენებთ რომ ახალციხის მკვიდრი ანდრეი კარაკაშიანი საკუთარი ავტომანქანით მოძრაობისას, საპატრულო პოლიციამ მანევრირების წესის დარღვევის გამო გააჩერა, თუმცა ალკოჰოლის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის ოქმი შეუდგინა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კი კარაკაშიანი გაამართლა და ჯარიმის ოქმი ბათილად ცნო.