ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაცვის მხარემ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
როგორც რამინ პაპიძე „მეცხრე არხთან“ განმარტავს, ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი დასაბუთებული არ იყო, მისივე თქმით გამოძიებაში მოპოვებული ჩვენების ოქმები მოსამართლემ გადაწერა და დაცვის მხარის პოზიციაც გააყალბა.
ადვოკატის განმარტებით, სამოტივაციო ნაწილში ნათქვამია, რომ გენადი იაკობაძემ დანაშაული შურისძიების მიზნით ჩაიდინა და ამას დაცვის მხარეც ადასტურებდა, თუმცა, პაპიძე ამბობს რომ აღნიშნული სიცრუეა და მსჯავრდებულმა დანაშაული ფსიქიკური აშლილობის ფონზე ჩაიდინა.
დაცვის მხარის განმარტებით, მოსამართლემ არც იაკობაძის ოჯახის წევრების ჩვენება არ გაითვალისწინა, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მსჯავდებულს ფსიქიკური პრობლემები წლებია აწუხებს. რამინ პაპიძის თქმით, გენადი იაკობაძეს განმეორებით ჩაუტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, იმის დასადგენად თუ რა მდგომარეობაში იყო იგი მკვლელობის ჩადენამდე, რის შემდეგაც ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს ახალ მტკიცებულებას წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.