“ტყე გვენდობა”, “ნეტავ ყველა სისუფთავეს იცავდეს”, “გავუფრთხილდეთ ბუნებას” –ამ ლოზუნგებითა და შეძახილებით ახალციხეში დასუფთავების აქცია მოეწყო. სკოლის მოსწავლეებმა რაბათის ტყე ნარჩენებისგან გაწმინდეს და მიმდებარე ტერიტორიაზე ურნები დადგეს.
დასუფთავების აქცია შეძახილებითა და ლოზუნგებით ახალციხის ცენტრიდან დაიწყო. საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყეს და რაბათის ტყეში გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა ტყის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, ნაგვის ურნები დადგეს და ტერიტორიაზე სანიშნეები განათავსეს, რომლებიც საზოგადოებას ბუნების დაცვას მუდმივად შეახსენებს.
დასუფთავების აქცია მეექვსე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ალფა“–ს წევრებმა, მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განახორციელეს. პროექტი world vision-მა, სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში დააფინანსა. არასამთავრობო ორგანიზაციას პარტნიორობა ახალციხის მერიამ გაუწია. სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მოხდა რაბათის მიმდებარე ტერიტორიისთვის ნაგვის ურნების შეძენა.
რაბათის ტყის დასუფთავების გარდა, ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ალფას მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, მეშვიდე საჯარო სკოლაში შეზღუდლი შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. მათ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.