”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარების უკანონოდ მოხსნაში ადანაშაულებენ

65 წლის ქალბატონი სააგენტოს სოციალური დახმარების მოხსნას გამო უჩივის. სუსანა პალოიანი ამტკიცებს, რომ მას შემწეობა უსამართლოდ მოუხსნეს.

ორი ოთახი, მოძველებული, მწყობრიდან გამოსული ტელევიზორი, ორი საწოლი, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები, მაგიდა და სკამები–ასე გამოიყურება 65 წლის ქალბატონის საცხოვრებელი. სუსანა პალოიანი, რომელიც ახალციხეში, გურამიშვილის ქუჩის 29 ნომერში ცხოვრობს, სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებს. მისი მტკიცებით, სოციალური შემწეობა  მხოლოდ იმიტომ მოეხსნა, რომ მასთან მეგობარი მამაკაცი  ცხოვრობს, რომელსაც 1991 წელს გამოშვებული ოპელის მარკის ავტომობილი დროებით მფლობელობაში ჰყავს. სუსანა პალოიანი ამბობს, რომ მარტოხელაა და შემოსავლის წყარო არ გააჩნია.  მამაკაცი, რომელიც მას პერიოდულად სტუმრობს, ფინანსურად არ ეხმარება. სახლმწიფოს მიერ დანიშნული პენსია არაფერში ჰყოფნის, ამიტომ  იგი დახმარების აღდგენას  მოითხოვს.

ალექსანდრე ნებიერიძე ამტკიცებს, რომ ავტომობილი, რომელიც დეკლარაციაშია  დაფიქსირებული მისი მეგობრის კუთვნილებაა. ამბობს, რომ მარტოხელა დედამ შვილის სიცოცხლის გადასარჩენად წლების წინ საცხოვრებელი სახლი გაყიდა და მკურნალობისთვის კრედიტი აიღო, თუმცა უშედეგოდ. 65 წლის ქალბატონს ორი შვილი ჰყავს გარდაცვლილი. ალექსანდრე ნებიერიძე იმასაც აცხადებს, რომ მისი მიზეზით ადამიანისთვის დახმარების მოხსნა უსამართლობაა. ამიტომ მას სოციალური შემწეობა დაუყოვნებლივ უნდა აღუდგეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ქალბატონი წლების განმავლობაში დახმარებას იღებდა, საცხოვრებელი სახლის შეცვლის შემდეგ კი, 28 მარტს,  მისი ხელახალი გადამოწმება  მოხდა. კვლევის საფუძველზე სუსანა პალოიანის ოჯახს  ას ოთხმოცდაათი ათას ორას ორმოცდაათი (190 250) ქულა მიენიჭა, რომელიც ზღვარს აღემატება. სოციალური მომსახურების სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტი თქმით, ქულების მინიჭება დეკლარაციის მიხედვით ხდება, ამას კი კომპიუტერული პროგრამა ახორციელებს, ამიტომ შეუძლებელია, იმის განსაზღვრა თუ რამ განაპირობა ქულის ზრდა. რაც შეეხება დროებით მფლობელობაში არსებულ ავტომობილს, ამალია ტაბატაძე განმარტავს, რომ კანონმდებლობის საფუძველზე   დეკლარაციაში, დროებით სარგებლობის ქვეშ არსებული ნივთის შეყვანაც ხდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოში, ამბობენ რომ მოთხოვნის შემთხვევაში, სუსანა პალოიანის ოჯახის ხელახალი შემოწმება გარკვეული დროის განმავლობაში არ  განხორციელდება, რადგან ქულის მინიჭების შემდეგ ბენეფიციარის გადამოწმება, რამდენიმე შემთხვევაში ხდება. თუ  ოჯახში დემოგრაფიული ცვლილებაა, პიროვნებამ დაკარგა სამუშაო, ან დასაქმდა,  თუ შეიცვალა საცხოვრებელი სახლი,  მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი,  ან სარეიტონგო ქულის მინიჭებდან გასულია ერთ წელზე მეტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე