მთავრობა უნდა გადამდგარიყო – ასეთია ახალციხელების პოზიცია სამთავრობო ცვლილებებზე. მეშვიდე მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ მთავრობის პირველი პირები დღეიდან მოვალეობის შემსრულებლები არიან.
მთავრობა უნდა გადამდგარიყო, თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არ დაიძაბოს, მინისტრთა ახალ კაბინეტს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს – ასეთია ახალციხელების პოზიცია ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენებზე. სამთავრობო ცვლილებები ს მიზეზი პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებაა თუ დაკისრებული მოვალეობის ვერ შესრულება – ადგილობრივები ამაზე ვერ საუბრობენ. ისინი ვერც იმას ვარაუდობენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახლო მომავალში .
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი რიგით მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. იქიდან გამომდინარე, რომ უწყების გადამდგარი ხელმძღვანელების რიცხვმა მინისტრთა კაბინეტის 1/3 შეადგინა, მთავრობაში დარჩენილი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ. კითხვაზე: გადავიდნენ თუ იგივე პოზიციაზე პრემიერის მიერ ნდობაგამოცხადებული გუბერნატორები? – იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ლოგიკურად ასეა. ისინი ცვლილებებს ახლო მომავალში არც რეგიონებშიც გამორიცხავენ.
სამართლის დოქტორი მალხაზ ლომსაძე კი განმარტავს, რომ მთავრობის გადადგომის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციაში კონკრეტულად გუბერნატორების პოზიციაზე არაფერი წერია, თუმცა მისივე თქმით, აქ არც ის არის განმარტებული, აღნიშნულის შემდეგ მთავრობის რწმუნებულებს რეგიონებში რა ფუნქცია ეკისრებათ. მისი აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრი და მის მიერ დანიშნული პირები მოვალეობის შემსრულებელები არიან, გუბერნატორებიც ამავე პოზიციაზეც უნდა იყვნენ.
ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე, დავით შავლიაშვილი, ელგუჯა ხოკრიშვილი და ბოლოს ლევან ყიფიანი-ეს ის შვიდი ყოფილი მინისტრია, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში თანამდებობები დატოვეს. აქედან ერთი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, თავად პრემიერმა ღარიბაშვილმა გაათავისუფლა, დანარჩენმა ექვსმა მინისტრმა კი პოსტები პირადი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.