ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა პლატოს ტერიტორიაზე ერთობლივ სანიტარულ ჭრებს იწყებს.
სანიტარულ ჭრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტი განახორციელებს, რომლის დროსაც მოჭრილი და ტყიდან გამოტანილი იქნება მხოლოდ ხმელი ხმობადი და მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხეები, რომელიც დაახლოებით 400 ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური ჭრების პროცესს მონიტორინგს გაუწევს. ჭრების დასრულების შემდეგ პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წელს, ტყის აღდგენის სამუშაოებს განახორციელებს.
სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივი გავრცელება 2011 წლიდან გამოვლინდა. ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო, ძირითად სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება, როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით. სანიტარული ჭრა, სწორედ აღნიშნული ტერიტორიიდან დაიწყება, ხოლო შემდგომ წლებში რეგიონის მასშტაბით განხორციელდება.
ეროვნული სატყეო სააგენტო, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით 2012 წლიდან ახორციელებს. თუმცა, საუკეთესო შედეგებისთვის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების მიერ რეკომენდებულია სანიტარული ჭრების განხორციელება.
You must be logged in to post a comment.