მთავრობის შემდეგ ,,ქამრების შემოჭერის“ პრინციპი ახალციხის მერიამაც გაატარა. თვითმმართველობამ ამ გზით 33 000 ლარი დაზოგა და მის დახარჯვას ახლა უკვე ინფრასტრუქტურულ პროეტებზე გეგმავს. თუმცა აღნიშნულ პრინციპს ოპოზიციის წევრები ემიჯნებიან. რატომ იწუნებენ ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატები დაზოგილი თანხის ოდენობას და რის გამო გეგმავდა საკრებულოს თავმჯოდმარე თანამდებობის დატოვებას ,,მე–9 არხი” დაინტერესდა.
ახალციხის მერიაში ,,ქამრების შემოჭერით“ 33 000 ლარი დაიზოგა–ამის შესახებ 28 აპრილს, დეპუტატებმა, საკრებულს სხდომაზე იმსჯელეს. მათი თქმით, თანხის დაზოგვა რამდენიმე მიმართულებით მოხდა. კერძოდ: შემცირდა 5 000 ლარით სატელეკომუნიკაციო ხარჯები, 8 000 ლარით – საწვავის ხარჯები და ამდენივე დაიზოგა წარმომადგენლობით ხარჯებზე. მერიის წარმომადგენლების განმარტებით, ეს ,,ქამრების შემოჭერის“ პირველი ეტაპი იყო და დაზოგილი თანხა მომავალში ქალაქში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
ახალციხის მერიაში, ,,ქამრების შემოჭერის“ პროცესი, ოპოზიციური პატრიების წარმოადგენლებმა გააკრიტიკეს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატების თქმით, თანხა მხოლოდ მივლინებებისა და საწვავის ხარჯის შემცირებით დაიზოგა, ხოლო საკრებულოს წევრთა ხელფასები უცვლელი დარჩა. მათივე განმარტებით, უკეთესი იქნებოდა, თუკი დანაზოგი კადრების შემცირების ხარჯზე გაკეთდებოდა, რადგან მერიაში შტატები ხელოვნურადაა გაზრდილი. ამ გზით ოპოზიციონერები 200 000 ლარამდე დანაზოგს ვარაუდობენ, შესაბამისად, მათ აღნიშნული საკითხის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ერთ–ერთ საკითხად შალვა გოგოლაძისათვის თანხის ანაზღაურება განიხილეს. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოსაგან, იძულებით გაცდენილი დღეების ასანაზღაურებლად 4500 ლარს მიიღებს.
სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, თანამდებობიდან გადადგომას გეგმავდა, თუმცა როგორც კახა ბერიძემ განაცხადა, მან გადაწყვეტილება შეცვალა და პოსტზე დარჩენას აპირებს. ბერიძის თქმით, მას თბილისის ერთ–ერთ ონკოლოგიური კლინიკაში, მენეჯერის პოსტი შესთავაზეს, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს.
ქალაქ ახალციხის მუნციპალიტეტის საკრებულოში, 28 აპრილს, რიგით #6–ე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა, კენჭი, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს უყარეს. მხარი არცერთ მათგანს დაუჭირა ,,გაერთიანერბული დემოკრატიული მოძარობის წევრმა“. რიგი საკითხები მიუღებელი აღმოჩნდა ასევე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისათვის. სხდომა ძირითადად 2015 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს შეეხო.