ბოლო პერიოდში ახალციხეში ახლად შეღებილი შენობების ფასადებზე უკვე მრავლად შეინიშნება სხვდასხვა შინაარსის წარწერები. ახალგაზრდები საკუთარი გრძნობების გამოსახატავად ასეთ ხერხს მიმართავენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ქმედება ვანდალიზმია და მასზე რეაგირება კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს.
–კედლებზე წარწერების დატოვება ვანდალიზმია და მსგავსი საქციელით ქონება ზიანდება – აცხადებს ქალაქ ახალციხის მერი. მან ახალგაზრდებს მსგავსი ქმედებებისგან თავის შეიკავებისაკენ მოუწოდა. ქალაქის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ფაქტი კიდევ განმეორდა, რეაგირებას ძალოვანი უწყებები მოახდენენ. გიორგი კოპაძე ახალგაზრდებს საკუთარი გრძნობების გამოხატვის ალტერნატიულ გზას სთავაზობს.
წარწერების კედლებზე, ღობეებზე, შენობის ფასადებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე თვითნებურად შესრულება, ადმინისტრაციულ სამათალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით ისჯება. იურისტ იოსებ ხითარიშვილის განმარტებით, აღნიშნული ფულად ჯარიმებს ითვალისწინებს.
ქალაქის მასშტაბით, 10–ზე მეტი შენობაა, სადაც ახალგაზრდები საკუთარ გრძნობებს ფასადებზე წარწერით გამოხატავენ, ობიექტების ნაწილი ახალციხის მერიის ბალანსზეა.