”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ლალი გოგილაშვილი:”მაინცდამაინც მსხვერპლი უნდა მოჰყვეს, რომ ყურადღება მოგვაქციონ?”

ვალეში, სტალინის ქუჩის მაცხოვრებლებს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ. 208 ადამიანს ცხოვრება ავარიულ შენობაში უწევს  და ყოვლდღიურად საცხოვრებლის დანგრევას ელოდება. ისინი დახმარებისათვის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ, და მათგან საკითხით დაინტერესებას მოითხოვენ.

წვიმისგან გაყვითლებული ჭერი, ნაპრალები, ჩამოშლილი ფასადები  და დეფორმირებული ფანჯრები–ასე გამოიყურება ვალეში, სტალინის ქუჩაზე მდებარე კორპუსები.  შენობებს, რომლებშიც 208 ადამიანამდე  ცხოვრობს,  ბზარები ყოველდღიურად  ემატება, უბნის მაცხოვრებლები კი მის ყოველდღიურ დანგრევას და უსახლკაროდ დარჩენას ელოდებიან. მათი თქმით, ვალეში წლებია პრობლემა  არსებობს.  ხელისუფლებისათვის კი საკითხი ცნობილია, თუმცა ამ დრომდე მისი მოგვარება ვერ ხერხდება

სტალინის ქუჩის 26 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ შენობები დაახლოებით 50 წლისაა, თუმცა მათი ნგრევა სიძველის გამო არ არის გამოწვეული. ადგილობრივთა მტკიცებით ნაგებობა უხარისხო მასალისგანაა აშენებული, ამ ყველაფერს კი თან ისიც ერთვის, რომ თურქეთიდან მომავალ ტრაილერებს ქალაქში გავლა უწევთ.  მათივე თქმით, შენობები ტრანსპორტის მოძრაობისას წარმოქმნილი მუდმივი ბიძგების გამო ინგრევა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა კორპუსები ისე მოულოდნელად ჩამოიშალოს,  რომ ამას მსხვერპლიც მოჰყვეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სტალინის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემის შესახებ ცნობილია. თემის გამგებლის თქმით, რეაბილიტაცია მანამდე არ დაიწყება, სანამ გეოლოგების მიერ ტერიტორიის შესწავლა და გამომწვევი მიზეზების დადგენა არ მოხდება. ზაზა მელიქიძის განმარტებით, შენობების აღდგენისთვის ზრუნვა, მხოლოდ აღნიშნულზეა დამოკიდებული.

როდის შეისწავლიან გეოლოგები პრობლემას, გამგეობაში ამას  ვერ აკონკრეტებენ. მანამდე კი სტალინის ქუჩის მაცხოვრებლებს კვლავ ავარიულ შენობებში ცხოვრება მოუწევთ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე