აჭარული, ფერხული, ხორუმი, მთიულირი–ეს და სხვა ქორეოგრაფიული ნომრები და ხალხური სიმღერები ახალციხელმა მაყურებელმა ფესტივალ „მზიანი საქართველოს“ ფარგლებში იხილა. საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიება, მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. კონცერტში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა 20–მა ფოლკლორულ– ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო.
ფესტივალ „მზიანი საქრთველოს“ მიზანს, ქველმოქმედების გარდა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დამეგობრება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო როგორც ქართული ხალხური ფოლკლორი, ასევე სომხური და აზერბაიჯანული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები.
ფესტივალ „მზიან საქართველოს“ ორგანიზება შემოქმედთა ასოციაცია „რევერანსმა“, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად გაუწია. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, „მზიანი საქართველო“ უკვე შვიდი წელია ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება. მის მიზანს ქართული ხალხური კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ფესტივალ „მზიანი საქართველო“ ფარგლებში, თეატრის ფოიეში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოფენაც მოეწყო, ახალციხის ცენტრალურ სკვერში კი მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნაძვები დარგეს. ფესტივალის დაწყებამდე ქორეოგრაფიულ ანსამბლებს ახალციხის ციხის დათვალიერების საშუალება ჰონდათ.