ყოფილი რექტორისა და ლექტორების ბრალდებებზე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტელეკომპანია ,,მე–9 არხთან“ პირველი ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. ლალი მოროშკინას, გიგლა გობეჩიასა და თინა გელაშვილის ბრალდებებს მოქმედი რექტორის, მერაბ ბერიძის წინააღმდეგ, ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა, ნესტან სულავამ უპასუხა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი აღნიშნულ პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს.
საქმე ეხება, უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორების, ლალი მოროშკინასა და გიგლა გობეჩიას, ასევე ყოფილი რექტორის, თინა გელაშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციას, სადაც ისინი უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე და ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე კორუფციის ბრალდებით არის გასამართლებული და რექტორად მისი არჩევა გაუმართლებელი იყო. გარდა ამისა, მათი თქმით, ბერიძეს გადადგომისათვის ერთ კვირიანი ვადა ეძლევა, წინააღმდეგ შემთვევაში ისინი ბრალდებების დამადასტურებელ ფაქტებს პროკურატურას ჩაბარებენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ლალი მოროშკინამ, გიგლა გობეჩიამ და თინა გელაშვილმა მედიისათვის პრესკონფერენცია მოაწყეს და ,,ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრეს. თემას უამღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო, ელექტრონულ გვერდზე, ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა. რაც შეეხება ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე მხოლოდ ,,მე–9 არხთან“ გაკეთდა.