სირიაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში, სოფელ ქანდაში მცხოვრები ასურელებიც ეხმაურებიან. ადგილობრივები მომხდარ ფაქტებს ქრისტიანთა გენოციდს უწოდებენ და მსოფლიოს გამოფხიზლებისაკენ მოუწოდებენ.
ამ კადრებმა, რომელიც სისასტიკითა და გაუგონარი დაუნდობლბით გამოირჩევა, სოფელ ქანდამდეც მიაღწია. საქართველოში მცხოვრები ასურელებისათვის ვიდეოს ხილვა, რომელშიც ადამიანებს ცოცხლად წვავენ, თავებს აჭრიან და ანადგურებენ, მეტისმეტად მძიმეა. სოფელში შეკრებილ ქანდელებს მხოლოდ ერთი აქვთ სასაუბრო. ისინი ცრემლებითა და გულისტკივილით სირიაში დატრიალებულ მოვლენებს აფასებენ.
სირიაში მიმდინარე მოვლენებს სოფელ ქანდაში, ქრისტიანების გენოციდად აფასებენ. მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა ამ სისასტიკის გამო ხმა უნდა ამოიღონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან.
სოფელ ქანდაში მზად არიან სირიაში მცხოვრებ ასურელებს დახმარების ხელი გაუწოდონ. ადგილობრივები, მართლმადიდებელი ბავშვების შვილად აყვანაზეც საუბრობენ, ხოლო ოჯახებს თავშესაფრით დახმარებას პირდებიან.
ქანდელი ასურელები ამბობენ, რომ ადამიანებს ძალადობისაკენ არცერთი რელიგია უბიძგებს. მათი თქმით, არც მაჰმადიანური სარწმუნოებაა გამონაკლისი, ამიტომ ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოს ტერორისტულ დაჯგუფებებს, გონზე მოგებისაკენ მოუწოდებენ.
სოფელ ქანდაში, სადაც 2 000–მდე ასურელი ცხოვრობს, ღმერთს მხოლოდ ერთს ევედრებიან. ისინი უფალს საკუთარი თანამემამულეების გადარჩენას სთხოვენ. შეგახსნებეთ, რომ სირიაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, მასიურად ხოცავენ ქრისტიანებს, ანადგურებენ მათ სალოცავებსა და სახლებს, ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფება „აისისი“ სისტემატიურად აქვეყნებს ასურელების წამებისა და დახოცვის შემზარავ კადრებს. საქართველოში მცხოვრები ასურელები მსოფლიოს მხრიდან რეაგირებასა და დახმარებას ითხოვენ.