სამცხე–ჯავხეთში არსებული არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელები ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის– ამის შესახებ დღეს გუბერნიაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეხვედრა გამართეს. პროექტ ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში მათ ნაგავსაყრელებზე კვლევა ჩაატარეს. რა აჩვენა ანალიზებმა და რა სახის ნარჩენები უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს.
კვლევა, რომელიც სამცხე–ჯავახეთში არსებულ არაკონტროლირებად ნაგავსაყრელებზე ჩატარდა და სავალალო შედეგები აჩვენა, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმმა ჩაატარა. მისმა წარმოამდგენლებმა კვლევის შედეგები დღეს გუბერნიაში, 7 მუნიციპალიტეტის პირველ პირებს გააცნეს. მათი თქმით, ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ნაგავსაყრელები ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოა, რადგან ანალიზების შედეგად, ნიადაგი ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებებით გაჯერებული აღმოჩნდა. ერთ–ერთ სახიფათო ადგილად, ახალციხის მახლობლად, მდინარე ფოცხოვის სანაპიროზე არსებული ნაგავსაყრელიც დასახელდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ტერიტორიების არა მხოლოდ დასუფთავება, არამედ მუნიციპალიტეტის მხრიდან მათი გაკონტროლებაც უნდა მოხდეს.
კიდევ ერთი არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ასპინძის ტერიტორიაზე მდებარეობს. კვლევის მიხედვით, ძველი–ჭობარეთის მონაკვეთში არსებული მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა უმართავია და ნიადაგი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. იმ ფაქტს, რომ ნაგავსაყრელების კუთხით ასპინძაში სავალალო მდგომარეობაა, მუნიციპალიტეტის გამგებელიც ადასტურებს. ლევან ცაბაძის თქმით, პრობლემა არსებობს, თუმცა მისი მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის ძალებს აღემატება.
სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, 2019 წლამდე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე არსებული ნაგავსაყრელები უნდა დაიხუროს და მის პარარალელურად ერთი ან რამდენიმე რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდეს, სადაც თავს მყარი ნარჩენები სხვადასხვა მუნიცპალიტეტებიდან მოიყრის. თუმცა მანამდე ადგილობრივი ნაგავსაყრელი ბორჯომში უკვე აშენდა და იგი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცემა.
სამცხე–ჯაავხეთის გუბერნიაში შეხვედრა გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმმა პროექტ ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში მოაწყო. აღნიშნული პროექტი მიზნად მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლებას ითვალისწიენებს. ექსპერტების თქმით, ადამიანის ჯანმრთლობისათვის საშიშ ნივთიერებებს სახლის პირობებში არსებული უსარგებლო ნარჩენებიც გამოყოფს: საღებავების ძველი ყუთები, ვადაგასული კოსმეტიკა, შამპუნები, წამლები, მწყობრიდან გამოსული თერმომეტრი, ფარანი და სხვა.