,,აწარმოე საქართველოში“–სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციას ახალციხიდან 35–მდე მცირე მეწარმე და ადმინისტრაციული გაერთიანების წარმოამდგენელი დაესწრება. ამის შესახებ დღეს, 14 აპრილს გამგეობაში გამართულ ყოველკვირეულ თათბირზე გახდა ცნობილი. შეხვედრა ახალციხეში 16 აპრილს გაიმართება. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე განმარტავს, პროგრამა მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისათვის, რადგან მათ სახელმწიფო, ბიზნესის დასაწყებად, გრანტის სახით 5 000 ლარს სთავაზობს. გურამ მელიქიძის თქმით, პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს პირველი პირებისგან შეეძლებათ.
დღესვე, თათბირზე, კიდევ ერთ სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრეს. გამგეობის წარმოამდგენელთა თქმით, ,,სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევა უკვე დასრულებულია. ზოგიერთ დასახლებაში კი სამუშოებისათვის ტენდერიც გამოცხადდა.
გარდა ამისა, საუბარი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტებსაც შეეხო. მისი თანამშრომლები, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ პატარა პამაჯში, 15 აპრილს 500–მდე ქართულენოვან წიგნს ჩაიტანენ და ქართულ კუთხეს გახსნიან. როგორც მუნიციპალიტეტის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, გიორგი ჟუჟუნაძე განმარტავს, მსგავს აქტივობას ეროვნული ბიბლიოთეკა იმ სოფლებში გეგმავს, სადაც ქართულენოვანი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დაბალია.