დღეს დიდი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
დიდი პარასკევის სერობა შესრულდა დღეს რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარშიც, რომელიც ტრადიციულად შუადღის ორ საათზე დაიწყო, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.
მსახურებისას გარდამოხსნა მღვდელმსახურებმა საკურთხევლიდან გამოაბრძანეს. ტაძარში სამჯერ შემოატარეს და ეკლესიის შუაგულში სპეციალურ სადგამზე დააბრძანეს. პარალელურად შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავდა. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში სამი დღის განმავლობაში დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში. დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი – მხოლოდ პურსა და წყალს სჯერდება. ამასთან, მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ.