ადიგენის მუნიციპალიტეტიში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა. გასული წლების მსგავსად, აქ ყველაზე აქტუალური საკითხი კვლავ რიტუალების სახლის კეთილმოწყობაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტისათვის 545 ათას ლარამდე გამოიყო. როგორ მიმდინარეობს პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტში და ჩართულია თუ არა მოსახლეობა პრიორიტეტების შერჩევისას, ,,მე–9 არხი” დაინტერესდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, არალში, მოსახლეობამ პრიორიტეტად რიტუალების სახლისა და საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა დაასახელა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 700 კომლიან სოფელში კრებაზე დაახლოებით 18 ადამიანი მივიდა. მიუხედავად ამისა, მოსაგვარებელი პრობლემა შეირჩა და მათივე თქმით, სოფლისათვის გამოყოფილი დაახლოებით 36 ათასამდე ლარის მიმართულებაც სწორად განისაზღვრა.
პრიორტეტების შესარჩევად გამართულ კრებაზე, არლის მოსახლეობის უმრავლესობა არ მივიდა. შესაბამისად, რომელი საკითხები უნდა მოგვარდეს სოფელში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხით, მათთვის უცნობია. ამბობენ, რომ ისევე როგორც წინა წლებში, პრიორიტეტებს დღესაც მხოლოდ რამდენიმე პიროვნება არჩევს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადიგენში, დაახლოებით 545 ათასი ლარი გამოიყო. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ აღნშნული თანხა 57 სოფელზე მაცხოვრებელთა რაოდენობის შესაბამისად გადანაწილდება. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძე ამბობს, პრიორიტეტების ასარჩევად კრებები უკვე ყველა სოფელში გაიმართა. მისივე თქმით, მოსახლეობის მიერ დასახელებული საკითხები გასული წლებისგან განსხვავებული არ არის. 2015 წელსაც ადგილობრივები აქცენტს რიტუალების სახლის კეთილმოწყობაზე აკეთებენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ამ დროისათვის, პროექტებთან დაკავშირებით კონკრეტიზაცია მიმდინარეობს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის, გასულ წელს 2015 წელთან შედარებით 2 ათასი ლარით მეტი იყო გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით, 2014–ში დაახლოებით 547 ათასი ლარი 100%–ით გაიხარჯა. ზაქარია ენდელაძე მიიჩნევს, რომ პროგრამა წარმატებით დასრულდა და სამუშოების განხორციელების კუთხით მიმდინარე წელიც აქტიური იქნება.