დასუფთავების პრობლემა ახალციხეში ისევ აქტუალურია. მოსახლეობის უმრავლესობა ამის მიზეზად ნაგვის ურნების ნაკლებობას ასახელებს. ისინი ფიქრობენ, რომ ქალაქში კონტეინერებისა და მცირე ზომის ურნების განთავსებით, პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდება.
პოლიეთილენის პარკები, ბოთლები, სიგარეტის ნამწვავები – ამ და სხვა ნარჩენებს ახალციხის ქუჩებში ხშირად ურნების ნაცვლად პირდაპირ მიწაზე ყრიან. მოსახლეობა ამის მიზეზად ნაგვის ურნების ნაკლებობას ასახელებს. მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათივე თქმით, ნაგვის ურნების დამატება ქალაქს სისუფთავეს შეუნარჩუნებს. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა, ძირითადად, ქალაქის გარეუბნებშია. ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებელია შესაბამისმა სტრუქტურებმა, ურნები არამარტო ცენტრალურ ქუჩებში, არამედ გარეუბნებშიც განათავსონ.
მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ყურადღებას მცირე ზომის ნაგვის ურნების არასაკმარის რაოდენობაზე ამახვილებს. მათივე თქმით, კონტეინერების პრობლემა შედარებით მოგვარებულია.
საკითხს ახალციხის მერი ეხმაურება. ახალციხის მერი აცხადებს, რომ ნაგვის ურნების შესაძენად თანხა გამოყოფილია და ტენდერის გამოცხადების შემდეგ პრობლემა მოგვარდება.
ახალციხის მერის განმარტებით, ნაგვის ურნების პრობლემა მოგვარდება, როგორც ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე, გარეუბნებშიც. გიორგი კოპაძის თქმით, მერია შეიძენს, როგორც კონტეინერებს, ასევე პატარა ურნებსაც, რომლებიც ქალაქში საჭირო ადგილებზე გადანაწილდება.