არლის მოსახლეობა სარწყავი წყლის სისტემის კერძო კომპანიისთვის გადაცემას აპროტესტებს. ე.წ ,,ხვანის წყალი”, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთ–ერთ შპს–ს გადასცა, რასაც სოფლის დეპუტატის პროტესტი მოჰყვა. არლელები მიიჩნევენ, რომ კერძო კომპანია ადგილობრივებს საკუთარ გადასახადს დაუწესებს.
სოფელ არლის მაჟორიტარი დეპუტატის პროტესტი საკრებულოს სხდომაზე ამავე სოფლში არსებული სარწყავი წყლის სისტემის კერძო კომპანიისთვის გადაცემამ გამოიწვია. თენგიზ ქომოშვილის თქმით, საკრებულოს მიერ ე.წ ,,ხვანის წყლის“ შპს ,,ადიგენის კომუნალურ და საირიგაციო გაერთიანებისთვის“ გადაცემა არაკანონიერია. მისივე განმარტებით, აღნიშნული წყალი მოსახლეობამ თურქეთის ტერიტორიიდან მისი დაპროექტებითა და ინიციატივით გამოიყვანა. ამბობს, რომ იმ პერიოდში სოფლის გამგებელი იყო და სისტემის მშენებლობისათვის ფინანსებს 6 წლის განმავლობაში ეძებდა, რადგან სახელმწიფომ მასში თანხის ჩდებაზე უარი თქვა. საბოლოოდ, მაგისტრალი 2006 წელს კათოლიკურმა საქველმოქმედო ფონდმა ,,საქართველოს კარიტასმა“ დააფინანსა. ქომოშვილი მიიჩნევს, რომ წყალზე პასუხისმგებელი სოფელი უნდა იყოს, რადგან მოსახლეობა სისტემას ამ დრომდეც წარმატებით უვლიდა.
იმ ფაქტს, რომ ,,ხვანის წყლის“ სისტემა სოფელში მაშინდელი გამგებლისა და ამჟამად, არლის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, გაკეთდა, არლელებიც ადასტურებენ. წყალის სისტემის შპს–სთვის გადაცემას დეპუტატთან ერთად ადგილობრივებიც აპროტესტებენ და განმარტავენ, რომ მაგისტრალის მშენებლობისას სახელმწიფო მათ არ დაეხმარა, ამიტომ სისტემის მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი მოსახლეობა უნდა იყოს. ისინი მიიჩნევენ, რომ კერძო კომპანია საკუთარ ულტიმატუმს წამოაყენებს და გადასახს გაზრდის. მათივე განმარტებით, აღნიშნული ქმედებით, მოსახლეობა წყალზე უფლება–მოსილებას დაკარგავს და მისი გამოყენება არლის გარდა სხვა სოფლებსაც შეეძლებათ.
არლის მაჟორიტარი დეპუტატი თენგის ქომოშვილი ამბობს, რომ სხდომის შესახებ, რომელზეც ,,ხვანის წყლის“ შპს–ს თვის გადაცემა გადაწყდა, მისთვის არავის უცნობებია. საკრებულოში კი ამბობენ, რომ ქომოშვილს რამდენჯერმე დაურეკეს, თუმცა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტი შპს ,,ადიგენის კომუნალური და საირიგაციო გაერთიანების“, 100 %–იანი წილის მფლობელია და აღნიშნული სისტემის გადაცემით მაგისტრალზე არსებული პრობლემების მოგვარებას ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს. მისივე თქმით, ,,ხვანის წყალი“ მუნციპალიტეტის ქონება იქნება და მასზე პასუხისმგებლობაც მუნიციპალიტეტს დაეკისრება.
აღნიშნულ სარწყავი წყლის სისტემასთან შეხება ჰქონდა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს. ლევან ლობჯანიძე იხსენებს, რომ არლის მოსახელობამ ,,ხვანის წყლის“ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაზე უარი რამდენიმე თვის წინაც თქვა. იმ პერიოდში, 6 მილიონ ნახევრის ფარგლებში სამინისტრო 4 დასახლებაში, სარწყავი სისტემის სრულ რეაბილიტაციას გეგმავდა, რის სანაცვლოდაც აღნიშული მაგისტრალები მოსახლეობის თანხმობით სახელმწიფოს საკუთრეებაში უნდა გადასულიყო.
,,ხვანის წყლის“ თურქეთის ტერიტორიიდან გამოყვანა არლის მოსახლეობამ 2006 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ დაასრულა. მისი მშენებლობისათვის ,,საქართველოს კარიტასმა“ 250 000 ლარი გამოყო. თავიდან წყალს როგორ სარწყავად, ასევე სასმელადაც იყენებდნენ. ამ პერიოდში კი წყლით ჩოფაშენის, თხილებღელეს, მექანიზაციის დუბეების , ორჭოშანის , ნატბეურებისა და კორაშნების ტერიტორიები ირწყვება.