სოფელ არლის მოსახლეობა მიწის დაკანონებასა და კომპენსაციებთან დაკავშირებით, ბიპის წარმომადგენელს შეხვდა. ადგილობრივებს პრობლემა სახნავ–სათეს მიწაზე აქვთ, რომელსაც ვერ იკანონებენ, რადგან მათ გარდა ფართობს მეორე მფლობელიც გამოუჩნდა. რა კავშირი აქვს ,,საქნახშირს“ არლის მიწებთან, რატომ ვერ უხდის ბიპი კომპენსაციებს სოფლელებსა და გაშლიან თუ არა სამორიგეო კარავს ადგილობრივები კუთვნილი მიწების დაცვისათვის.
ლავრენტი ჩილინგარაშვილი ერთ–ერთი მოსახლეა, იმ 21ოჯახიდან, რომელიც სოფელ არლში ე.წ ,,ორჭოშნის“ ტერიტორიაზე ვერც მიწას იკანონებს და შესაბამისად, კომპანია ,,ბიპისგან“ აღნიშნული მიწის შესყიდვის გამო, ვერც კომპენსაციას იღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩილინგარაშვილი და მისი თანასოფლელები ბიპის წარმოამდგენელს საკუთარ სოფელში შეხვდნენ. როგორც ადგილობრივებმა ,,მე–9 არხთან“ განმარტეს, სახნავ–სათეს მიწაზე, დარეგისტრირება ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს სხვადასხვა წელს გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მიღება–ჩაბარების აქტი გააჩნიათ, იმავე მიწაზე ,,საქნახშირს“ 40 წლიანი ლიცენზია აქვს აღებული. იმის გამო, რომ ტერიტორიაზე ტექნიკა ადგილობრივების გაუფრთხილებლად არ შესულიყო, აღნიშნული 21 ოჯახი მიწის ნაკვეთზე კარვის გაშლასა და სადღეღამისო მორიგეობის გამართვას გეგმავდა.
,,ორჭოშნის“ სახნავ–სათეს მიწებზე, არლის მაცხოვრებელებს პრობლემა მას შემდეგ შეექმნათ, რაც 2014 წელს აქ კომპანია ,,ბიპიმ“ სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული პროექტისათვის ,,ბიპიმ“ დაახლოებით 50–მდე მაცხოვრებლის კუთვნილებაში არსებული მიწის ფართობი შეისყიდა, თუმცა კომპენსაცია მხოლოდ ნაწილმა მიიღო, 21 ოჯახს კი მიწის დაურეგისტრირებლობის გამო პრობლემა შეექმნა, რადგან ფართობებს ორი ე.წ მფლობელი: ადგილობრივები და ,,საქნახშირი“ გამოუჩნდა. არალში ამბობენ, რომ ,,საქნახშირს“ ტერიტორიაზე ლიცენზია 2007 წელს აქვს აღებული, თუმცა ,,ორჭოშანში“ მას სამუშაოები არასდროს განუხორციელებია.
არლის მაცხოვრებლები მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგავრებას სამართლებრივი გზებით გეგმავენ. საჯარო რეესტრის წინააღმდეგ მათ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. ადვოკატირების საქმეში კი კერძო ადვოკატთან ერთად, მათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებიც ეხმარებიან. ადგილობრივები იურისტებს უკვე შეხვდნენ და გარკვეული რეკომენდაციებიც მიიღეს.
,,ორჭოშნის“ ტერიტორიაზე 21ოჯახი 29 ერთეულ ფართობს ათეული წლების განმავლობაში ამუშავებდა. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მიწები მათ 1998 წლის იანვრის თვეში, რეორგანიზაციის საფუძველზე, მიღება–ჩაბარების აქტით გადაეცათ, ერთი წლის შემდეგ კი მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერით, მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები აიღეს. შემდეგში გაირკვა, რომ მიწები საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ იყო, ამიტომ სახელმწიფომ მასზე ლიცენზია ,,საქნახშირს“ მისცა. ამ ეტაპზე, ეკონომიკის სამინიტრო 21 ოჯახს მიწის დარეგისტრირების უფლებას იმ შემთვევაში მისცემს, თუ ლიცენზიატის მფლობელი აღნიშნულს დათანხმდება, თუმცა საკითხზე ,,საქნახშირი“ უარს აცხადებს.