სოფელ გოგაშენში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა. გიორგი ლონდარიძის გადაწყვეტილებით. გენადი იაკობაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვლება ბრალდებულის სახით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი ლონდარიძის გადაწყვეტილებით გენადი იაკობაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.მას ბრალდებულის სახით პატიმრობაში ყოფნის 9 თვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვლება. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, იაკობაძე გამოჯანმრთელებამდე აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსდება.
მოსამართლემ კანონის დარღვევით გამოიტანა განაჩენი–ეს განცხადება სხდომის დასრულების შემდეგ გენადი იაკობაძის ადვოკატმა გააკეთა. რამინ პაპიძის განმარტებით, მოსამართლემ ბრალდების მოწმეები წაახალისა და მათ ჩვენების მიცემის დროს ფიცი არ დააადებინა, ისინი ლონდარიძემ არც ცრუ ჩვენების შემთხვევაში სისხლისსამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით გააფრთხილა. პაპიძის თქმით, მოწმეების მიერ ჩვენების მიცემისას ფიცის დადება, მხოლოდ ხელის მოწერით გამოიხატა, რაც კანონდარღვევაა. დაცვის მხარე სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მიღების შემდეგ გასაჩივრებას აპირებს.
ბებიისა და შვილიშვილის საქმეზე, სხდომა ექსპერტ თეიმურაზ ხარებავას დაკითხვით დაიწყო, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, თუ რა სახის ფსიქიატრიული გამოკვლებვები ჩაუტარდა ბრალდებულს. სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის ხმაური, ექსპერტის მიმართ პროკურორ ვასილ ოსიძის კითხვას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა თუ რა საქმეზე იყო თეიმურაზ ხარებავა პასუხისგებაში მიცემული. ადვოკატმა, პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმციის ხელყოფაში დაადანაშაულა და მოსამართლეს სთხოვა კითხვა განერიდებინა, ვინაიდან აღნიშნული ექსპერტის პირადი ცხოვრებაა.
განაჩენის გამოტანამდე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხეს და მოსამართლეს ობიექტური განაჩენის გამოტანისაკენ მოუწოდეს. პროცესზე დაცვის მხარემ საქმეში ბრალდებულის გენადი იაკობაძის მიმართ, საქმის სისხლის სამართლებრივი ძიების შეწყვეტა იშუამდგომლა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ არ დააკმაყოფილა. გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე სასამართლო განაჩენს უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია პროკურორმა ვასილ ოსიძემაც დააფიქსირა. კომენტარზე უარი განაცხადეს გარდაცვლილების ახლობლებმა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მკვლელობა, გასული წლის 10 ივლისს მოხდა, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 109-ე და 236–ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვას გულისხმობს.