ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამავე საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელის შეტანას აპირებს – ლევან ლობჯანიძე მიიჩნევს, რომ საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო“ უკანონოდ შეიქმნა.
ლობჯანიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30–ე მუხლში მითითებულია, რომ საკრებულოში ფრაქციის შექმნა მხოლოდ პარტიის წევრებს შეუძლიათ, ხოლო პარტიის მიერ წარდგენილ დეპუტატებს საშაულება აქვთ უკვე შექმნილ ფრაქციას შეუერთდნენ. ლობჯანიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ წესის დარღვევით შეიქმნა ,,ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო“, რადგან მისი 4 წევრიდან მხოლოდ ერთია ,,ქართული ოცნების“ წევრი, დანარჩენები კი საკრებულოს თავმჯდომარის მსგავსად, პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი 12 მარტს იურიდიულ საკითხთა კომისიაში განიხილა, მისმა 5–მა წევრმა კი გადაწყვიტა, რომ კომისიას ერთობლივი მოთხოვნა გაეკეთებინა ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში და პარტიული სიები გამოეთხოვა. ლობჯანიძის პროტესტზე საკრებულოში ამბობენ, რომ უსაფუძვლოა, რადგან მათ კომპეტენციაში არ შედის გაარკვიონ, რომელი დეპუტატი მიეკუთვნება პარტიას და რომელია პარტიის მიერ წარდგენილი. მათი თქმით, ფრაქციის შექმნისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი სიებით იხელმძღვანელეს და აქედან გამომდინარე ფრაქცია კანონიერია.